ლარში გაცემული სესხების მოცულობა აპრილის თვეში

2019 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 125 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 107 მლნ დოლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.6 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 444 მლნ დოლარით. პირველი მაისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 27 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 55% იყო.

ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 14.7%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2% პუნქტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში (ძირითადად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.7%-ით გაძვირდა.

აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.1%, ხილი და ყურძენი – 7.1%, ხორცი – 1.8%, ტრანსპორტი – 1.9%, სასტუმროები და რესტორნები – 1.1%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (21.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.9%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7%-ით გაიაფდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.8%-ია.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.