7 შეცდომა სესხის აღებისას

სესხის აღება იმდენად მოსახერხებელი და მარტივია, რომ უკვე აღარ ვფიქრობთ, რამდენად სწორად ვმოქმედებთ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხის აღებისას ბევრ შეცდომას უშვებს, არადა სესხის გონივრულად და სწორად შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან დიდი თანხის დაზოგვა!

ვნახოთ, რომელ შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სესხის აღებისას:

შეცდომა #1. არ ადარებთ სესხების ღირებულებას ერთმანეთს

გახსოვდეთ, რომ სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა შეადაროთ სხვადასხვა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და საერთო ღირებულება, რეალურად განსვავება შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაზოგოთ ათასობით ლარიც კი.

საქართველოს საკრედიტო ბაზარზე სესხებს შორის დიდი განსხვავებაა, ამიტომ, სესხის აღებამდე ჯერ აირჩიეთ, რომელი ტიპის სესხი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს ყველაზე მეტად, შემდეგ კი აუცილებლად შეადარეთ სესხების საერთო ღირებულება ერთმანეთს.

მაგ. როცა სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, სწრაფი სესხი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელია დამატებითი თანხის ძალიან სწრაფად, 15 წთ-ში მისაღებად, ხოლო თუ უფრო დიდი მოცულობის თანხა გინდათ სამოგზაუროდ ან სარემონტოდსამომხმარებლო სესხი უფრო კარგი იდეაა, ავტომობილის შესაძენად კი არსებობს სპეციალური ტიპის სესხი – ავტო სესხი და ავტო ლიზინგი.

როგორ გავაკეთო ავტო ლიზინგი?

შეცდომა #2. სესხის აღებისას მიმართავთ მხოლოდ ბანკს

ბევრი თვლის, რომ ბანკი არის ერთადერთი ადგილი, საიდანაც შესაძლებელია სესხის აღება, ეს გასაგებიცაა, რადგან ბანკის დანიშნულებიდან გამომდინარე, სესხის აღება მართლაც ბანკთან ასოცირდება, თუმცა მიკრო საკრედიტო კომპანიები ძალიან დიდ კონკურენციას უწევენ ბანკებს და ბევრი კომპანია ბანკებზე კარგი პირობების მქონე სესხებს გვთავაზობს.

ცხადია, ბანკისგანაც შეიძლება აიღოთ სესხი ხელსაყრელი პირობებით, თუმცა ტრადიციულ ბანკებს ნაკლებად აქვთ ის მომსახურება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია სესხის აღებისას, მაგალითად, სესხის აღების სისწრაფე – ბანკისგან სესხის აღების პროცესი შედარებით რთული და გრძელვადიანია, ვიდრე მიკროსაფინანსო კომპანიისგან, სესხის თანხის მიღებასაც რამდენიმე დღე შეიძლება დასჭირდეს ბანკის შემთხვევაში, განსხვავებით მიკროსაფინანსოსგან, რომელიც 15 წთ-ში გვირიცხავს თანხას.

ამასთანავე, ბანკიდან სესხის ასაღებად, ხშირად, ბანკში მისვლაა საჭირო, ლოდინი და განაცხადის ადგილზე შევსება, ონლაინ სესხის შემთხვევაში კი ონლაინ აპლიკაციის შევსება და გაგზავნა ბევრად მარტივი პროცედურაა, რაც არ საჭიროებს სახლიდან გასვლას.

ამავდროულად, მიკროსაფინანსო კომპანიები სპეციალურად ამ ტიპის სესხებისთვის არიან შექმნილები, შესაბამისად სპეციალიზდებიან ამ სფეროში და მაქსიმალურად აქვთ გამარტივებული ონლაინ სესხის აღების პროცედურები, მსგავსი სიმარტივე ბანკებისგან ნაკლებად მოსალოდნელია.

როგორ მივიღოთ სესხი 15 წუთში?

შეცდომა #3. არასწორად კითხულობთ სესხის პროცენტულ მაჩვენებლებს

სესხის პირობებმა შეიძლება მარტივად შეგიყვანოთ შეცდომაში როდესაც გაინტერესებთ რამდენია სესხის პროცენტი?

ასეთ დროს მნიშვნელოვანია ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს სესხის რეალურ ღირებულებას, როგორც წესი, კრედიტორები გვესაუბრებიან ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე, რომელშიც არ შედის სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რადგან, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა განსხვავებაა ეფექტურ და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურზე მაღალია, რადგან ყველა ფარულ და არაფარულ ხარჯს ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, ალბათ, გესმით, რატომ მანიპულირებენ კრედიტორი კომპანიები უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

შეცდომა #4. ირჩევთ სესხს ძალიან გრძელვადიანი პერიოდით

სესხის განაცხადის შევსებისას თქვენ, როგორც მსესხებელს, გიწევთ აირჩიოთ როგორც სესხის მოცულობა, ასევე სესხის ვადა – პერიოდი.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო გრძელვადიანია სესხის პერიოდი, მით უფრო მაღალია სესხის საერთო ღირებულება.

გრძელვადიანი სესხი (მაგ. 3 თვიანი ან, თუნდაც 1 წლიანი) ბევრისთვის მიმზიდველი ჩანს, რადგან ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაცილებით დაბალია, ვიდრე მოკლევადიან, 30დღიან სესხზე.

საბოლოო ჯამში, სესხის დანახარჯი გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე მოკლევადიანის დროს, თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტის გამო დიდი მოცულობის სესხის მოკლე ვადით აღება, ცხადია, არ არის კარგი იდეა, რადგან ერთბაშად ძალიან რთულია დიდი თანხის დაფარვა. სესხის პერიოდი უნდა აირჩიოთ თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტის გაანალიზებით, უნდა ეცადოთ, სესხის პერიოდი იყოს მაქსიმალურად მოკლე თქვენი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, და არა ზოგადად სესხის პირობებში უმოკლესი!

შეცდომა #5. ფიქრობთ მოკლევადიან პერსპექტივაში

ხშირად, ფული მოულოდნელად გვჭირდება გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, შესაბამისად გვიწევს სესხზე განაცხადის სწრაფად გაგზავნა. დიახ, მართლაც, ხშირად სესხის აღება იმპულსური გადაწყვეტილებაა და იმდენად სწრაფად ხდება, რომ გვავიწყდება დავფიქრდეთ ამ ქმედებით გამოწვეულ მომავალ შედეგებზე.

დაუსვით კითხვა საკუთარ თავს – რა მიზეზით იღებთ სესხს?  სესხის აღებამდე, აუცილებელია, დაფიქრდეთ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი და დროულად დაფაროთ სესხი.

აუცილებელია, სესხის განაცხადის შევსება და გაგზავნამდე კარგად დაფიქრდეთ თქვენს გადახდისუნარიანობაზე, ასევე იმაზე, თუ რა მოცულობის და რა ვადის სესხის აღება არის ოპტიმალური თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის და გაითვალისწინოთ ის ხარჯიც, რომელსაც სესხის დაფარვა გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში.

შეცდომა #6. სესხულობთ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად გჭირდებათ

როგორც წესი, ჩვენ ვსესხულობთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე რეალურად გვჭირდება და შემდეგ კი სესხის მოცულობის შეცვლა გვიანია.

დიახ, შესაძლოა აღებული სესხის თანხიდან დახარჯოთ მხოლოდ მისი 1/2, თუმცა, საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადოთ აღებული თანხიდან გამომდინარე, შესაბამისად მოგიწევთ იმ “დამატებითი” ფულის საფასურის გადახდაც, რომელიც არ გამოგიყენებით, რადგან ეს არ არის 0%-იანი სესხი.

ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, რომ სესხის აღებამდე დაფიქრდეთ რა მოცულობის სესხი გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში, ასევე, არ აიღოთ სესხი თუ გამოუვალი სიტუაცია არ გაქვთ და თუ დამატებითი ფულის მოძიების სხვა გზების გამოყენება შეგიძლიათ.

შესაძლებელია სესხის ვადაზე ადრე დაფარვა, თუმცა წინასწარ დაფარვა დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან და, როგორც წესი, მოითხოვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო.

შეცდომა #7. არ ხართ გადახდისუნარიანი

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა სესხის აღება მაშინ, როცა თქვენი ფინანსური მდგომარეობა და შემოსავალი უბრალოდ არ არის საკმარისი სესხის დროულად დასაფარად.

საკრედიტო კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესია, გაარკვიოს გადახდისუნარიანია თუ არა მომხმარებელი, როგორი საკრედიტო ისტორია აქვს და რამდენად საკმარისია მისი შემოსავალი, რათა დარწმუნდეს, რომ მსესხებელი სესხის გადახდას შეძლებს.

საკრედიტო რეიტინგს განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი, მათგან მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად წარმატებით გაქვთ დაფარული წინა სესხები, გაქვთ თუ არა პრობლემური სესხები და ა.შ.