ავტო დაზღვევა და ზოგადი პირობები
ამ გვერდზე შეძლებ გაეცნო ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება იპოვო შენზე მორგებული ავტომობილის დაზღვევა.
სადაზღვევო პოლისის სწორად შერჩევა არ არის მარტივი, რადგან ზოგიერთს სჭირდება სრულყოფილი სადაზღვევო დაფარვა, ხოლო ზოგს კი მცირედი რისკების დაზღვევა, ამიტომ თუ შეადარებ სადაზღვევო კომპანიების ავტო დაზღვევის შემოთავაზებას, შეძლებ რამდენიმე ასეული ლარის დაზოგვას.
დაზოგე ათასობით ლარი სწორად შერჩეული ავტო დაზღვევით!
როგორ დგება ავტო დაზღვევის ფასი?
არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს შენი ავტომობილის დაზღვევის ფასზე, მათგან ყველაზე გავრცელებულია:
მფლობელის ასაკი
დასაზღვევი ავტომობილის მოდელი
ავტომობილის წლოვანება
ავტომობილის მიმდინარე საბაზრო ღირებულება
გარდა ამ ფაქტორებისა, სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, ავტო დაზღვევის ღირებულების გამოთვლამდე გაზომონ რაც შეიძლება ბევრი რამ და შეაფასონ ყველა მოსალოდნელი რისკი, თუმცა, ავტო დაზღვევის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების შეფასება განსხვავდება სადაზღვევო კომპანიების მიხედვით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, გაეცნო თითოეული ავტოდაზღვევის პირობებს დეტალურად და აირჩიო შენზე მორგებული პაკეტი.
ავტო დაზღვევის ტიპები
არსებობს ავტო დაზღვევის 3 სხვადასხვა ტიპი:
- ავტომობილის ძარის დაზღვევა
- მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
- მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა
ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბროთ რას გულისხმობს ავტო დაზღვევის სხვადასხვა დონე და კონკრეტულად რას მოიცავს თითოეული.
ავტომობილის ძარის დაზღვევა
ავტომობილის ძარის დაზღვევა გულისხმობს მხოლოდ ავტომობილის დაზღვევას და ანაზღაურებს ავტომობილის შეკეთების ხარჯებს მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
რა ანაზღაურდება?
როგორც წესი, ავტომობილის ძარის დაზღვევა ფარავს ხარჯებს ავტომობილის დაზიანების შემდეგი სარისკო შემთხვევების დადგომის დროს –
- ავტოსაგზაო – სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ავარიის გამომწვევ მხარეს)
- ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა
- ხანძარი
- ვანდალიზმი
- საგნების ვარდნის შედეგად მანქანის დაზიანება
- სტიქიური მოვლენები
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა გულისხმობს კომპენსაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეულ ავტომაქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანების ან გარდაცვალებისას.
ანუ ავარიის შემთხვევაში, ანაზღაურდება დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.
გაითვალისწინე, რომ..
თუ უკვე სარგებლობ ჯანმრთელობის დაზღვევით, საგზაო შემთხვევის დადგომის შემდეგ ჯერ მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (არსებობის შემთხვევაში). ხოლო თუ არ სარგებლობ ჯანმრთელობის დაზღვევით, ამ შემთხვევაში იწყებს მოქმედებას მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს იმ ხარჯებს, რაც უკავშირდება დაზღვეული ავტომანქანის მიერ მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
ამ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებული ზიანი;
დაზღვევის დამატებითი პირობები
თუ გსურს კიდევ რაიმე დამატებითი რისკის დაზღვევა და ეს პირობა არ შედის შემოთავაზებულ სადაზღვევო პაკეტში, შეგიძლია სადაზღვევო აგენტს გააცნო შენი მოთხოვნები და შექმნა შენზე მორგებული პაკეტში ავტო დაზღვევის პაკეტი.
ჩვენ მიერ ზემოთ მოცემული ავტო დაზღვევის ტიპები და პირობები ასახავს ზოგად სურათს, შესაბამისად, ინფორმაცია მოიცავს ყველაზე გავრცელებულ ავტო დაზღვევის პაკეტებს.
იმის დასადგენად, თუ ზუსტად რას მოიცავს კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული პაკეტები, უნდა დაათვალიერო ინდივიდუალურად კომპანის საინფორმაციო ვებ-გვერდი ან გაესაუბრო უშუალოდ კომპანიის თანამშრომელს.
რა არ ანაზღაურდება?
სადაზღვევო კომპანიათა უმეტესობა არ ანაზღაურებს ზარალს იმ შემთხვევაში, თუ:
ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი
ავტომობილს მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დაუყოვნებლივ არ შეატყობინე ავტომანქანის მზღვეველ სადაზღვევო კომპანიასა და პოლიციას
სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ მოძრაობა განაგრძე ავტომანქანის მზღვეველ სადაზღვევო კომპანიასა შეთანხმების გარეშე, ან პატრულის მითითების გარეშე
ავტოავარია გამოიწვია ავტომობილის დაზღვევამდე არსებულმა დაზიანებამ და გაუმართაობამ
ავტომობილი დაზიანდა იმ დროს, როცა ხდებოდა მისი, როგორც ტვირთის გადატანა და ტრანსპორტირება
ავტომობილი დაზიანდა რბოლაში მონაწილეობისას
ავტომობილი დაზიანდა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ
დამზღვევი უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად არ იყო გადახდილი პოლისში მითითებული პირველი, ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია
დაზღვეული ავტომობილი არ წარგიდგენით მზღვეველის წარმომადგენელთან ფოტოების გადასაღებად
ავტომობილი ასევე დაზღვეული იყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მზღვეველთან შეუთანხმებლად
ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები გასწიეთ მზღვეველთან შეუთანხმებლად
დროგორ მოვიქცე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?
! არ გადააადგილო ზღვეული ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის ადგილიდან და გამოიძახე საპატრულო პოლიცია (იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები ან მზღვეველი მიგვითითებს ავტომობილის გადაადგილებისკენ, დაემორჩილე მათ).
! დაუყოვნებლივ დაუკავშირდი შენი ავტომობილის მზღვეველ კომპანიას და აცნობე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.
გადაამოწმე პაკეტი უკეთესი პირობების მისაღებად
იმისათვის, რომ შეამცირო ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის ფასი, შეგიძლია გააკეთოთ ყველაზე მარტივი რამ – დაუკავშირდი შენს სადაზღვევო აგენტს და ჰკითხე, რაიმე ახალი შეთავაზება ხომ არ აქვს შენი ავტომობილისთვის. ხშირად, კომპანიები გვაძლევენ ფასდაკლებას თუ მათი ლოიალური მომხმარებელი ვართ.
სანამ დაუკავშირდები, შეადარე ბაზარზე არსებული ფასები, მოლაპარაკების დროს კონკურენციის პირობების გათვალისწინება ფასების შემცირების მარტივი გზაა.