პირადი ფინანსების სახელმძღვანელო

CV ფორმა – როგორ დავწერო კარგი CV?

CV არის დოკუმენტი, რომელიც წყვეტს შენს წარმატებას კომპანიასთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე.

არ აქვს მნიშვნელობა CV-ს აგზავნი ონლაინ სამუშაოზე თუ ადგილობრივ კომპანიაში დასასაქმებლად, კარგი სივის ფორმა უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით შედგენილი.

ვაკანსიაზე გაგზავნილი CV სტრუქტურულად გამართული და იმდენად მარტივად წასაკითხი უნდა იყოს, რომ HR მენეჯერმა პირველივე წამიდან დაიჭიროს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაინტერესდეს შენით.

როგორ გავაკეთოთ სივი?

არსებობს CV-ს შედგენის ”ოქროს სტანდარტები”, რომელთა მიხედვითაც უნდა შეადგინო შენი რეზიუმეს ფორმა. გაითვალისწინე, რომ CV პირდაპირპროპორციულად მეტყველებს შენს პროფესიონალიზმზე. 

დამსაქმებელი, რომელიც პროფესიონალ კადრს ეძებს, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რამდენად სწორად და სტანდარტების დაცვით არის CV შედგენილი. 

Financer.com-ის HR მენეჯერთან კონსულტაციით მოვამზადეთ სრული მიმოხილვა – როგორია კარგად შედგენილი CV, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები როდესაც იწყებენ სივის გაკეთებას და რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს კარგი სივის ფორმა.

დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით, რათა გესმოდეს CV-ს გამოყენების უმთავრესი დანიშნულება.

რა არის CV?

CV (Curriculum Vitae) არის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება სამუშაოზე განაცხადის გაკეთებისას და შეიცავს ინფორმაციას შენი გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ.

კარგად შედგენილი CV საშუალებას გაძლევს შეაჯამო შენი განათლება, უნარები და გამოცდილება და წარმატებით გააცნო შენი შესაძლებლობები პოტენციურ დამსაქმებლებს.

შეიძლება ითქვას, რომ  CV არის მარკეტინგული დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გაყიდო საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.

რა ენაზე უნდა იყოს CV?

როგორც წესი, ვაკანსიაში არის მითითებული რომელენოვანი CV აინტერესებს დამსაქმებელს.

თუმცა თუ არ არის მითითებული, სანამ გადაწყვეტ რა ენაზე უნდა იყოს CV,  დააკვირდი ვაკანსიის აღწერას – თუ ინგლისურენოვან ვაკანსიას ეცნობი, CV ინგლისურენოვანი გააგზავნე. 

Canva.com | CV შაბლონები

CV ცარიელი ფორმა შეგიძლია ნახო Canva-ზე და დაიწყო შევსება იმ ‘ოქროს წესების’ მიხედვით, რომელთაც ამ სტატიაში ქვემოთ განვიხილავთ.

არჩეულია 4, 267 -ჯერ
  • CV-ს შექმნა ონლაინ არსებული მზა ნიმუშების დახმარებით
  • 100-ზე მეტი დიზაინის არჩევუს შესაძლებლობა
  • მოსახერხებელი და მარტივი ვებ-გვერდი
4.2
წაიკითხე 5 შეფასება

რა განსხვავებაა CV-სა და Resume-ს შორის?

სივი და რეზიუმე მსგავსი შინაარსის დოკუმენტებია, თუმცა მათ შორის მცირე განსხვავება მაინც არსებობს.

საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე რეზიუმე (resume) შენი გამოცდილებისა და უნარების შემაჯამებელი, მოკლე დოკუმენტია, ხოლო CV არის ვრცელი, მოიცავს რამდენიმე გვერდს და დეტალურად აღწერს შენს მიღწევებს.

საქართველოს დასაქმების ბაზარზე სივი და რეზიუმე სინონიმებად ითვლება. შეგიძლია შექმნა ერთი დოკუმენტი (რეზიუმე) და ეს დოკუმენტი გააგზავნო ვაკანსიებზე, სადაც ითხოვენ CV-ს ან რეზიუმეს. 

** გაითვალისწინე, რომ ეს იგულისხმება საქართველოს დასაქმების ბაზარზე, რადგან ჩვენს რეალობაში CV-სა და რეზიუმეს ერთ დოკუმენტად აღქმა დამკვიდრებული პრაქტიკაა.

თუ უცხოურ/საერთაშორისო კომპანიაში აპირებ დასაქმებას, ყურადღება მიაქციე რომელ დოკუმენტს გთხოვენ – CV თუ რეზიუმეს.

CV-ს შედგენის თანამედროვე სტანდარტები

როგორ დავწეროთ CV – ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა სამუშაოს მაძიებლებში. კარგი CV-ს დაწერის უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა არსებობს საერთაშორისოდ მიღებული CV-ს დაწერის სტანდარტები, რომელთა დაცვა აუცილებელია სასურველი სამუშაოს მიღებაში.

რა დრო სჭირდება CV-ს შედგენას?

თანამედროვე სტანდარტების სივის შედგენას დაახლოებით 1 სთ სჭირდება, მაგრამ მას შემდეგ რაც შეადგენ CV-ს ფორმას, შეგიძლია თქვა რომ მთელი სამუშაოდ 80% შესრულებული გაქვს.

მომავალში დაგჭირდება მხოლოდ ახალი სამუშაო გამოცდილების, მიღებული განათლების ან უნარების დამატება, რათა შენი CV იყოს მუდმივად განახლებული.

CV შექმნის ყველაზე სწრაფი გზაა მოიძიო ონლაინ არსებული cv-ს შესავსები ფორმა და შეავსო შენი ინფორმაციით.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Canva-ს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია CV-ს შესაქმნელად.

💥 Canva-ზე CV-ს შექმნა უმარტივესია და სულ 10 წთ სჭირდება.

Canva-ზე რეგისტრაცია და CV-ს შექმნა

გარდა ამისა, ყოველ ახალ ვაკანსიაზე გაგზავნისას, თავიდან უნდა გადახედო შენს CV-ს და ‘მოარგო’ კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებს.

ახლა კი განვიხილოთ კონკრეტულად რას გულისხმობს CV-ს შედგენის პრაქტიკაში დამტკიდრებული თანამედროვე სტანდარტები.

დავიწყოთ CV-ს სტრუქტურით

დაიმახსოვრე, რომ CV არ უნდა იყოს გადატვირთული და ძნელად წასაკითხი.

თუ შენს რეზიუმეს დაყოფ შინაარსობრივ სექციებად, ინფორმაცია იქნება მარტივად აღსაქმელი და შენი ინტერვიუზე მოხვედრის შანსი ერთი-ორად გაიზრდება.

მიღებული პრაქტიკაა, რომ CV-ში ინფორმაცია უნდა იყოს დალაგებული შემდეგი თანმიმდევრობით:

CV ფორმის სწორი სტრუქტურა:

  • CV-ს სათაური, შენი სახელი და გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • პირადი პროფილი: CV მიზანი ან CV რეზიუმე
  • Სამუშაო გამოცდილება
  • Განათლება
  • უნარები
  • დამატებითი სექციები

მაგალითად, cv ნიმუშში, რომელიც სურათზეა მოცემული, ეს თანმიმდევრობა თითქმის სრულად არის დაცული.

CV ნიმუში / CV Forma. ფოტო: Canva.com

შექმენი რეზიუმე Canva-ზე 10 წთ-ში

არჩეულია 4, 267 -ჯერ
  • CV-ს შექმნა ონლაინ არსებული მზა ნიმუშების დახმარებით
  • 100-ზე მეტი დიზაინის არჩევუს შესაძლებლობა
  • მოსახერხებელი და მარტივი ვებ-გვერდი
4.2
წაიკითხე 5 შეფასება

რა ძირითად ინფორმაციას უნდა შეიცავდეს CV?

უკვე იცი, როგორი უნდა იყოს შენი CV-ს სწორი სტრუქტურა. ახლა ვისაუბროთ რა ინფორმაცია უნდა დაიტანო CV-ზე.

განვიხილოთ სტრუქტურული თანმიმდევრობის მიხედვით. დავიწყოთ CV-ს პირველი სექციიდან:

1. პერსონალური (პირადი) ინფორმაცია

შენი CV-ს გახსნის მომენტიდანვე დამსაქმებელმა უნდა გაიგოს ვის CV-ს ეცნობა, შესაბამისად, შენი რეზიუმე უნდა დაიყო შემდეგი ინფორმაციით:

  • სახელი
  • გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ. ფოსტა
  • ფოტოსურათი

CV უნდა იწყებოდეს შენი სახელითა და გვარით, რომელიც გამოყოფილი იქნება დიდი და მუქი ასოებით.

ისე, როგორც ამ მაგალითშია წითლად მონიშნული.

CV დოკუმენტის სახელის დარქმევა

უპირველესად აირჩიე CV ფორმატი – ეს უნდა იყოს PDF.

CV-ს დოკუმენტს დაარქვა შენი სახელი და გვარი, რათა შენი CV-ს მოძებნა მარტივი იყოს დამსაქმებლისთვის და CV-ის გახსნამდე მიხვდეს, ვის რეზიუმეს კითხულობს.

არასწორია: cv_form
✔️ სწორია: Salome Kiria _ CV Form

ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი

CV-ში უნდა მიუთითო 2 ტიპის საკონტაქტო ინფორმაცია: შენი პირადი ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა.

ეცადე გამოიყენო რელევანტური ელ. ფოსტა და არა ძველმოდური, ისეთი რომელსაც დიდი ხანია არავინ იყენებს პროფესიული ურთიერთობებისთვის.

არასასურველია: [email protected]
✔️ სჯობს: [email protected]

ასევე, აუცილებელია ელ. ფოსტა იყოს ფორმალური და ფიგურირებდეს შენი სახელი და გვარი და არა ზედმეტსახელი ან რაიმე მოფერებითი მიმართვა:

არასწორია: [email protected]
✔️ უმჯობესია: salome.kiria@gmail.com

სწორად შეარჩიე ფოტოსურათი!

ფოტოსურათი, რომელსაც CV-ს დაურთავ უნდა იყოს საქმიანი ხასიათის და არა ისეთი, როგორიც ქართულ რეალობაში გვხვდება ხოლმე.

  • დაუშვებელია მეგობრებთან ერთად გადაღებული სურათის CV-ში დამატება
  • ასევე, პლიაჟზე წამოწოლილი ფოტოები ძალიან არარელევანტურია CV-სთვის

ევროპის ბევრ ქვეყანასა და ამერიკაში CV-ში სურათს იშვიათად, მხოლოდ გარკვეულ პოზიციებზე ითხოვენ, რათა არ მოხდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაცია. ეს ფაქტი საქართველოში უგულებელყოფილია.

ჩვენს ქვეყანაში აქტიურად ითხოვენ CV-ში ფოტოსურათის დართვას, ამიტომ უმჯობესია, CV-ში გქონდეს შენი ფოტოსურათი.

3. სამუშაო გამოცდილება

გახსოვდეს, სამუშაო გამოცდილების პირველ პუნქტად უნდა დაწერო მიმდინარე/ბოლო სამუშაო ადგილი.

თითოეული სამუშაო გამოცდილების ველი უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს: მუშაობის პერიოდი (თვე, წელი), ორგანიზაციის დასახელება, შენ მიერ დაკავებული თანამდებობა, კომპანიაში შენი ძირითადი მოვალეობები, ამ პოზიციაზე შენი მიღწევები.

თარიღები დაალაგე აწმყოდან წარსულისკენ

CV-ს შედგენისას განათლებისა და სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალი დაალაგე დაღმავალი თარიღების მიხედვით: უახლოესიდან – შორეულისკენ.

მნიშვნელოვანია, წინა სამსახურებში დასაქმების თარიღები დაიწეროს თვეების სიზუსტით.

4. განათლება და პროფესიული ტრენინგები

განათლების გრაფაში უნდა ჩამოწერო ინფორმაცია შენ მიერ მიღებული ყველა პროფესიული განათლების შესახებ.

ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: სწავლის პერიოდს, უნივერსიტეტის დასახელებას, ფაკულტეტს, უნივერსიტეტში მიღწეულ ხარისხს (ბაკალავრი? მაგისტრატურა? დოქტორანტურა?).

  • არარელევანტურია განათლების გრაფაში მიუთითო მუსიკალური სკოლის დამთავრება, ან ცეკვის სტუდიის დიპლომის ქონა

  • განათლების გრაფაში არ უნდა დაიტანო იუთუბზე ნანახი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია, თუ ეს არ არის ცნობილი ონლაინ კურსი, რომლის შესახებაც დამსაქმებელს ეცოდინება.

CV-ს დაურთე შენ მიერ გავლილი პროფესიული ტრენინგები, რომლებიც რელევანტურია იმ კონკრეტული ვაკანსიისთვის, რომელზეც CV-ს აგზავნი.

რაც შეეხება GPA-ს, თუ შენი GPA 3.2-ზე მეტი არ არის, არ არის აუცილებელი მისი მითითება.

5. დამატებითი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

ამ სექციაში უნდა დაიტანო ინფორმაცია უცხო ენების ცოდის შესახებ, აუცილებელია მიუთითო რა დონეზე ფლობ კონკრეტულ უცხო ენას.

არასწორია: ინგლისური, რუსული, ქართული
✔️ სწორია: ქართული – მშობლიური, ინგლისური – B2 (ან ძალიან კარგად), რუსული – A1 (ან შეზღუდული კომპეტენციით)

ასევე, უნარ-ჩვევების გრაფაში იწერება ამ ვაკანსიისთვის რელევანტური ტექნოლოგიების ცოდნა.

მაგ. თუ ვაკანსიას აგზავნი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, ამ გრაფაში უნდა მიუთითო კონკრეტულად რომელ პროგრამას/ტექნოლოგიებს ფლობ – Adobe Illustrator? Figma? აშ.

CV-ს შექმნა მზა შაბლონით

CV-ს შექმნა შეგიძლია დაიწყო 0-დან ან გამოიყენო ონლაინ არსებული მზა CV შაბლონები და გადააკეთო, დაამატო შენი ინფორმაცია.

მზა CV შაბლონის გამოყენება ბევრად გაგიმარტივებს პროცესს და შეამცირებს შენ მიერ CV-ს შედგენაზე დახარჯულ დროს, რადგან აღარ მოგიწევს დიზაინის, ფონტების, სტილების არჩევა და ერთმანეთთან შეხამება.

“ოქროს წესები” CV-ს შედგენისას

ახლა კი რამდენიმე ‘ოქროს წესი’, რომელთა დაცვა აუცილებელია CV-ს შედგენისას:

CV-ში დაწერილი ინფორმაცია უნდა იყოს სანდო

დაუშვებელია CV-ში დაწერო სამუშაო გამოცდილება, რომელზეც არ გიმუშავია.

გასაუბრებაზე თუ გკითხავენ ამ კონკრეტული სამუშაო გამოცდილების შესახებ და შენ რეალურად არ გექნება ნამუშევარი, მარტივად გამოგიჭერენ ტყუილში.

  • სასურველია, CV-ს გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნო კომპანიის მიერ ვაკანსიაში მოცემულ სამუშაოს აღწერას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათთან შესაბამისობაში ცვალო შენი CV.
  • ინფორმაციის შეცვლაში არ ვგულისხმობთ კვალიფიკაციის “გამოგონებას”, გაითვალისწინე რომ შენი CV უნდა ასახავდეს რეალურ ინფორმაციას და უნდა იყოს სანდო!

CV-ში აღწერილი უნარები უნდა შეესაბამებოდეს შენს გამოცდილებას

ნუ ჩაწერ CV-ში, რომ არაჩვეულებრივი ვებ დეველოპერი ხარ, თუკი მხოლოდ 1 თვე მუშაობდი სტაჟიორად ან უმცროს დეველოპერად.

გაითვალისწინე, რომ მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე არ აჰყავთ სამსახურში.

გასაუბრების დროს შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნე, თუ CV-ში მოყვანილ ფაქტებთან შეუსაბამო გამოცდილებაზე დაიწყებ საუბარს.

CV მოარგე იმ ვაკანსიას, რომელზეც აგზავნი განაცხადს

CV-ს შინაარსის განსაზღვრისას უნდა გავაანალიზოთ ვინ იქნება ამ დოკუმენტის პოტენციური შემფასებელი და რა აინტერესებს მას ჩვენი საქმიანობის შესახებ.

CV არ არის მხოლოდ შრომითი საქმიანობისა და მიღწევების მშრალი და უხალისო ჩამონათვალი.

გონივრულად შედგენილმა რეზიუმემ ნათლად უნდა წარმოაჩინოს – რა საქმიანობით იყავი დაკავებული, რა საქმიანობას ეწევი დღეს და რა საქმიანობა გაქვს განზრახული მომავალში.

ნუ იქნები თავმდაბალი

მნიშვნელოვანია, რომ შენი რეზიუმე საშუალებას აძლევდეს დაინტერესებულ პირს კარგად აღიქვას შენი პროფესიული კომპეტენცია.

დამსაქმებელმა უნდა დაინახოს, რომ გაქვს შესაძლებლობა, გადაჭრა კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემები.

მაგალითად, თუ CV-ს აგზავნი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, კარგი კომუნკაციის უნარები და გაყიდვების გამოცდილება აუცილებლად უნდა ჩაწერო შესაბამის გრაფაში, ნუ მოერიდები შენი მიღწევების წარმოჩენას.

CV უნდა იყოს ლაკონური

ეცადე CV იყოს ლაკონური. უამრავი HR მენეჯერი გვირჩევს, რომ CV-ს გაცნობა არ უნდა მოითხოვდეს მათგან დიდ დროს და უბრალოდ გადახედვითაც უნდა იგებდნენ მთავარ აზრს.

  • გამოყავი ძირითადი პუნქტები – მსხვილი და გამუქებული შრიფტით გამოყავი ძირითადი პუნქტები.
  • არ გადატვირთო ზედმეტი გაფორმებებით – გაფორმებისას ეცადე, იყოს სადა და ზედმეტი ექსტრავაგანტულობაზე უარი თქვი.
  • უნდა იყოს გრამატიკულად გამართული – CV უნდა იყოს ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული, მაგალითად, არ უნდა ეწეროს “სამუსაო გამოცდილება” ან “უნივერსიტტის სტუდენტი”, მიაქციე ყურადღება შეცდომებს!

და ბოლოს…

როგორც ზემოთ ვთქვით, არ არსებობს CV-ის დაწერის უნივერსალური და სრულყოფილი წესი, თუმცა ეს “ოქროს წესები” დაგეხმარება ძალიან სწრაფად და მარტივად შეადგინო შენი CV.

გაითვალისწინე, რომ ამ ბლოგში მოცემული თითოეული ინფორმაცია არის CV-ს შედგენის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა.

ასე რომ, საქმე ძალიან მარტივადაა, აირჩიე CV-ს შაბლონი და დაიწყე შენი ინფორმაციის შევსება ამ ბლოგში მოცემული რჩევების მიხედვით. 

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, გასაუბრების ეტაპზე გადასვლა ძალიან გაგიმარტივდება.

ახლა უკვე იცი როგორი უნდა იყოს კარგი CV-ს სტრუქტურა და როგორ დაალაგო შენი პროფესიული ინფორმაცია.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

სტატია დაეხმარა 7 მითხველს (9)

რედაქტორი - Financer.com საქართველო

გააზიარეთ
Read Icon28541 ჯერ წაკითხული
ბოლო განახლება: იანვარი 31, 2023

მეტის ნახვა

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.