WIKI

რა არის ინფლაცია და რა გავლენას ახდენს ჩვენს პირად ფინანსებზე?

ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეამჩნევდი, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქტებისა და მომსახურების ფასები წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ეს არის ინფლაცია.

ინფლაციის დონე მკვეთრად აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან ჩვენი ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება (ანუ აქამდე თუ 2 ლარად 3 ნაყინს ვიყიდდით, ახლა 2 ლარად მხოლოდ 2 ნაყინის შეძენას შევძლებთ), სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ გავუმკლავდეთ ინფლაციას.

ამ სტატიაში გაიგებ:

  • რა არის ინფლაცია?
  • რა იწვევს ინფლაციას?
  • რა გავლენას ახდენს ინფლაცია ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე?
  • როგორ ვებრძოლოთ ინფლაციას?

რა არის ინფლაცია?

თუ ბოლო დროს რომელიმე სუპერმარკეტში ყოფილხართ შეამჩნევდით, რომ თითქმის ყველა პროდუქტზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ეს ყველაფერი ინფლაციის გამო.

ინფლაცია სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ეკონომიკაში ფასები მასშტაბური ზრდა.

ჩაიხედეთ თქვენს საფულეში, მასში, პირობითად, 5 ლარი დევს. შესაძლოა, წინა წლებში ეს კონკრეტული თანხა საკმარისი ყოფილიყო მარკეტში 7 პურის, თუმცა ახლა იმავე თანხით, სავარაუდოდ, მხოლოდ 5 ან 4 პური მოგივათ.

რატომ?
ამის მიზეზი ინფლაციაა – ანუ პროდუქტების ფასების საერთო დონე გაიზარდა.

ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად.

ინფლაცია განმარტება

ინფლაცია არის საქონელსა და მომსახურებაზე საერთო ფასის ზრდა ან ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება.

უკეთ რომ ავხსნათ ინფლაცია რას ნიშნავს, განვიხილოთ მაგალითი. მაგ: წარსულში 5 ლარით თუ შეგეძლოთ 5 ცალი საღეჭი რეზინის ყიდვა, ახლა იგივე ფასად მხოლოდ 3-ის ყიდვა შეგიძლიათ.

ფულმა დაკარგა ძალა, ესე იგი მოხდა ინფლაცია.

აქვე ავღნიშნოთ, რომ არსებობს ინფლაციის 2 ტიპი: სტაბილური და არასტაბილური

  • სტაბილური ინფლაციის დროს იზრდება, როგორც პროდუქტისა და მომსახურების ფასი, ასევე მოქალაქეების ხელფასები, ეკონომიკა არ განიცდის კრიზის.
  • ხოლო არასტაბილური ინფლაციის დროს პროდუქტსა და მომსახურებაზე ზრდა არაპროგნოზირებადია, არ იზრდება არც ხელფასები, ეკონომიკა არასტაბილური ხდება.

რამდენია ინფლაცია საქართველოში 2022 წელს?

საქსტატის მონაცემებით წლიური ინფლაცია საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში 10,6%-ია.

ეს არის ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2021 წლის ივნისის შემდეგ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ წინა წლის იგივე მონაცემი (ინფლაცია 2021 წლის ოქტომბერი) 12.8% იყო.

ინფლაცია საქართველოში უმეტესად შეეხო საარსებოდ აუცილებელ პროდუქტებს/რესურსებს, ყველაზე მეტად გაძვირდა საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის, ბუნებრივი აირის ფასები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყოველთვიური ხარჯების დიდ ნაწილს ეს რესურსები შეადგენს და მათი გაძვირება ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება, რადგან ჩვენი ხელფასი აღარ ჰყოფნის გაზრდილ ხარჯებს.

სწორედ ამ მიზნით იწყებს მოსახლეობის ნაწილი სესხების აღებას.

ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.

ლარის ინფლაცია განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო რამდენიმე წელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ლარის გამყარება დაიწყო როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით.

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება ლარის გამყარება. როგორც ზემოთ ვთქვით, ინფლაციის დონე 2022 წლის ოქტომბერში ყველაზე დაბალია წლის სხვა თვეებთან შედარებით.

რა იწვევს ინფლაციას?

არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა ან ინფლაცია ეკონომიკაში. როგორც წესი, ინფლაცია გამოწვეულია წარმოების ხარჯების ზრდით ან პროდუქციაზე და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდით.

1. წარმოების ხარჯების ზრდა (cost-push inflation)

წარმოების ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია (cost-push inflation) ხდება მაშინ, როდესაც ფასები იზრდება საქონლის წარმოების ხარჯების ზრდის გამო, მაგალითად მაშინ, როცა ნედლეულის ფასი იზრდება ან მუშახელის ხელფასების ზრდა ხდება.

საქონელზე მოთხოვნა უცვლელია, ანუ იმავე რაოდენობის მოსახლეობას სჭირდება ესა თუ ის პროდუქტი, ხოლო საქონლის წარმოების ხარჯების ზრდის გამო ბიზნესებს უწევთ პროდუქტებზე ფასების ზრდა.

შედეგად, მომხმარებლებისთვის პროდუქტზე ფასები იზრდება, რადგან უწევთ იმავე პროდუქტის უფრო ძვირად შეძენა.

ინფლაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მიწოდების ჯაჭვის პრობლემაც შეიძლება იყოს.

კორონავირუსის პანდემიამ გარკვეულწილად წარმოების შემცირება გამოიწვია, დაიხურა ქარხნები, შემცირდა მუშახელი, რამაც პროდუქციის გადაზიდვა უფრო ძვირი გახადა. 

ამ პროდუქტებზე მოთხოვნა იგივე დარჩა მოსახლეობის მხრიდან, შესაბამისად, გაზრდილი ფასები მოსახლეობას დააწვა ტვირთად და ინფლაციის გამომწვევ მიზეზად იქცა.

საქართველოს რეალობაში წარმოების ხარჯებით გამოწვეული ინფლაციის კარგი მაგალითია პურზე ფასების ზრდა: 2000 წლების დასაწყისში პურის ფასი 50-დან 60 თეთრამდე მერყეობდა, თუმცა ფქვილის გაძვირებასთან ერთად დღეს პურის საშუალო ფასი 1.20-დან 1,50-მდე აღწევს.

ფასი გაიზარდა წარმოების ხარჯების გამო, თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა.


2. მოთხოვნის ზრდა (demand-pull inflation)

ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს მოთხოვნის ზრდა.

თუ პროდუქტზე მოთხოვნა მოკლე დროში ძალიან იზრდება, ბიზნესებს მოკლე ვადაში არ აქვთ რესურსი გააფართოვონ წარმოება და გაზარდონ მიწოდება, რათა დააკმაყოფილონ გაცხოვებული მოთხოვნა, შედეგად, ფასები იზრდება.

რატომ შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნა?

მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკის ზრდის ფონზე, რადგან სტაბილური და ჯანსაღი ეკონომიკის დროს, ოჯახების საერთო შემოსავალი იზრდება,

როდესაც ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობის დონე იკლებს და ადამიანების შემოსავალი იზრდება.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მეტი ფული აქვს და ადამიანები იწყებენ მეტის დახარჯვას.  მეტის ხარჯვა გულისხმობს მასშტაბურად პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას.

თუ ბიზნესები წარმოებას საკმარისად სწრაფად ვერ გაზრდიან, რომ გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, ამან შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს.


3. ფისკალური პოლიტიკა

ეროვნული ბანკების ფისკალური პილიტიკა (საგადასახადო და ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა) პირდაპირ მოქმედებს ინფლაციაზე.

თუ მთავრობა შეამცირებს ბიზნესებისთვის დაწესებულ გადასახადებს, ბიზნესებს მეტი ფული გამოუთავისუფლდებათ სახარჯოდ და ეს თანხა შეიძლება მიმართონ კაპიტალის გაუმჯობესებაზე, თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე ან ახალი თანამშრომლების აყვანაზე.

შესაბამისად, მთავრობამ გადასახადების შემცირების მიზნით წაახალისა ეკონომიკის ზრდა. ახლა მოსახლეობას მეტი შემოსავალი აქვს, მეტი ადამიანია დასაქმებული და მოსახლეობის მიერ დახარჯული თანხის ოდენობაც იმატებს.

გაზრდილი ხარჯვითუნარიანობა ზრდის მოთხოვნას საქონელზე და შესაბამისად, შედეგად ვიღებთ პროდუქტსა და მოთხოვნაზე ფასების საერთო დონის ზრდას.

რატომ იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი მსოფლიოში?

2020 წლიდან დღემდე, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

გაერთიანებული სამეფოს გამოსვლამ ევროკავშირიდან, კოვიდ პანდემიამ და რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ეტაპობრივად შეაფერხა საქონლის მიწოდების ჯაჭვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პროდუქტზე მოთხოვნა იგივე დარჩა (ან უფრო მეტად გაიზარდა), ხოლო მიწოდება ყოველი ზემოხსენებული გლობალური მოვლენის დროს შეფერხდა და შემცირდა, შესაბამისად, კრიზისის შედეგად ფასების მკვეთრი ზრდა მოხდა გლობალურად.

რა გავლენას ახდენს ინფლაცია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე?

ისეთ ყოველდღიურ საჭიროებებზე ფასის ზრდა როგორებიცაა საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, სამედიცინო მომსახურება და ტრანსპორტი, მკვეთრად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

წლიური ინფლაცია აზარალებს თითოეულ ჩვენგანს – შემოსავლისა და დანაზოგების მოცულობის მიუხედავად.

ამასთანავე, ინფლაცია და უმუშევრობა მჭირდოდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორც წესი, ინფლაციის დროს გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონეც იმატებს.

თამამად ვიტყვით, რომ ინფლაცია ამცირებს მომხმარებლის  მყიდველუნარიანობას და აიძულებს საზოგადოებას უარი თქვას „ფუფუნებაზე“ და ფინანსების დაზოგვისკენ მოუწოდებს.

ფასების ზრდამ დროთა განმავლობაში შეიძლება გააუფასუროს ჩვენი დანაზოგებიც.

როგორ გავუმკლავდეთ ინფლაციას?

არსებობს სხვადასხვა ნაბიჯები რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ, იმისათვის რომ თავი დავიზღვიოთ ზედმეტი ხარჯებისაგან. განვიხილოთ ყველაზე ეფექტური გზები:

ინვესტირება და დივერსიფიკაცია!

Index Fund Advisors-ის დამფუძნებლის მარკ ჰებნერის თანახმად, თუ გვინდა, რომ ინფლაციის გავლენა ნაკლებად ვიგრძნოთ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ამისთვის უპირველესი გზა არის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში, განსაკუთრებით კი აქციებში.

აქვე ავღნიშნოთ, რომ მარკ ჰებნერი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ფინანსური მრჩეველი.

საქართველოს რეალობაში, არსებული თანხის ინვესტირება უმეტესად ხდება უძრავ ქონებაში ან კრიპტოვალუტაში.

მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზარები, ერთ-ერთ გრძელვადიან ინვესტიციად(რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული) უძრავი ქონება შეიძლება ჩაითვალოს.

ყველაზე უნიკალური რამ – უძრავი ქონება გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითონ ამოიღებს საკუთარი ღირებულების  საფასურს და იგი თქვენს საკუთრებაში დარჩება.

რა იგულისხმება ამაში?

წარმოიდგინეთ იღებთ 5-წლიან იპოთეკურ სესხს $100 000 ღირებულების ქონების შესასყიდად, საპროცენტო განაკვეთი დავუშვათ 10 %-ია; თქვენ ამ ქონების გაქირავებით იღებთ თვეში საშუალოდ 1200$. წლიური გაანგარიშებით თქვენი სარგებელი იქნება 1200*12/100 000 = 14.4 %.

ინვესტიციის ხარჯებს ქირით მიღებული შემოსავალი დროთა განმავლობაში ფარავს და ასევე გრჩებათ (14.4%-10%) 4.4%-იანი წლიური მოგება და საკუთრებაში არსებული ახალი ქონება.

დროის ხანგრძლივ პერიოდს თუ გავითვალისწინებთ დაახლოებით 10 წელიწადში ქირის შემოსავალი სრულიად დაფარავს სესხის ხარჯებს და ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე $100 000- იანი ღირებულების ქონების მფლობელი იქნებით თქვენ ისე, რომ ამისთვის საკუთარი კაპიტალიდან თეთრიც არ დაგიხარჯავთ.

რომელი იპოთეკური სესხია საუკეთესო?


ჩვენი შემოსავლების ბიუჯეტირება

შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება არის ერთ-ერთი ეფექტური გზა იმისათვის, რომ ინფლაციის გავლენამ ნაკლებად დააზარალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

ყველას გვაქვს მომენტი, როდესაც უკონტროლოდ ვხარჯავთ ჩვენი შემოსავლის ნაწილა, ან იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე რეალურად გვჭირდება.

იმისათვის, რომ ფინანსების გააზრებული ხარჯვა დავიწყოთ და ინფლაციის გავლენა ნაკლებად ვიგრძნოთ, საჭიროა შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი.

ამის ერთი კარგი მეთოდი არის სასურველი ნივთებისა და საჭიროებების შესახებ სიის შექმნა, რომელიც დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში.

გირჩევთ, გაეცნოთ ბიუჯეტის შედგენის ეფექტურ გზებს და დაიწყოთ ხარჯების კონტროლი დღესვე.


დამატებითი შემოსავლის გამომუშავება

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დამატებითი შემოსავლის მიღება ერთ-ერთი ეფექტური გზაა.

პროფესიის, შესაძლებლობებისა, სურვილებისა და დროის გათვალისწინებით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დამატებითი სამსახური, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

გაეცანი რჩევებს და ნახე, როგორ შეგიძლია დაიწყო დამატებითი თანხის გამომუშავება ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად.


ინვესტირება საკუთარ თავში (მომავალში)

არაფერია უფრო ეფექტური, ვიდრე საკუთარ განათლებაში ინვესტირება, ამით ზრდით თქვენს პოტენციალს სამომავლოდ, დღეს ყველაზე “ძლიერი იარაღი” რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს (ან უნდა რომ შეიძინოს) არის ცოდნა-განათლება.

საკუთარ თავში ინვესტიცია გულისხმობს ხარისხიანი განათლების მიღებას და მის მუდმივად გაღრმავებას, ახალი ცოდნის დაგროვებას, რომელიც მუდამ იქნება თქვენი საკუთარი აქტივი და არ ემუქრება ინფლაცია.

რაც მთავარია, ყოველთვის შეგეძლებათ, გაყიდოთ თქვენთვის სასურველ ფასად, განათლება უფრო მეტია, ვიდრე აქციები, ობლიგაციები ან სახლები ერთად აღებული.

რამდენად გამოგადგათ სტატიიდან მიღებული ინფორმაცია?

3 out of 3 found this helpful

სალომე არის Financer Georgia-ს რედაქტორი, პირადი ფინანსების კონსულტანტი და FinTech-ის გულშემატკივარი 5 წლიანი გამოცდილებით. სალომე უკვე 70-მდე სტატიის ავტორია, მისი ბლოგები გამოირჩევა პირადი ფინანსების სამართავად საჭირო პრაქტიკული რჩევებით. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა შეძლოს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება.

გააზიარეთ
Read Icon15387 ჯერ წაკითხული
ბოლო განახლება: ნოემბერი 3, 2022

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა შენი ვიზიტი გავხადოთ მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. ჩვენი საიტის სარგებლობისა ნიშნავს, რომ Cookies  გამოყენების  პირობები მისაღებია თქვენთვისს.