ლარის მცურავი კურსი

წუთზე ნაკლები

ინვესტორი და ლარი: ლარის რეგულარული გაუფასურება ბიზნესსექტორზე სამმაგ მნიშვნელოვან წნეხს ახდენს:

  1.  უცხოელი ინვესტორის კაპიტალი უფასურდება.
  2.  იურიდიული პირებისთვის გაცემული საბანკო ბიზნესსესხების 74%-ზე მეტი დენომინირებულია დოლარში ან ევროში. ლარის გაუფასურებისას ბიზნესებისათვის ამ სესხების მომსახურება ძვირდება.
  3. წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია ანუ დენომინირებულია დოლარში ან ევროში, შესაბამისად, ლარის გაუფასურებისას პროდუქციის თვითღირებულება იზრდება. ლარიზაცია – ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკური პრობლემებისათვის შექმნილი აბი-გლუკოზა – ამ პრობლემებიდან მხოლოდ ერთს, რიგით მეორე პრობლემას გადაჭრის, თან – მხოლოდ ნაწილობრივ და მრავალი წლის შემდეგ.

დღეს ლარის არასტაბილურობა და რეგულარული გაუფასურება უმთავრესი ნეგატიური ფაქტორია არსებულ კომპანიებსა და ახალ ბიზნესპროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად.

მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: 2013 წელს საქართველოში განხორციელდა 534 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ქართული კომპანიების კაპიტალში (რეინვესტიციების გარეშე). წარმოვიდგინოთ ერთ-ერთი ამ ინვესტორთაგანი, რომელმაც 2013 წელს საქართველოში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ლარის გაუფასურების გამო, მისი საწყისი ინვესტიციის დღევანდელი ღირებულება არის დაახლოებით 12.5 მილიონი დოლარი. 7.5 მილიონი დოლარი, რომელიც ინვესტირებული თანხის 35%-ზე მეტია, დაიკარგა მხოლოდ ლარის გაუფასურების, და არა რაიმე სხვა ბიზნესრისკების გამო. ინვესტირებულ თანხაზე 35%-იანი ზარალის ანაზღაურება კი მოითხოვს დარჩენილ კაპიტალზე 60%-იან მოგებას, იმისათვის, რომ ინვესტორის კაპიტალი მხოლოდ მის საწყის ღირებულებას დაუბრუნდეს.

ინვესტორისათვის, რომელიც დღეს შეიძლება საქართველოში საინვესტიციო პროექტს განიხილავდეს, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ბანკირების დასკვნები, რომ “ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველა ფუნდამენტური ფაქტორი წესრიგშია და ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს”, არაფრის მთქმელია. ლარის შედარებით ხანმოკლე, მაგრამ ცუდი ისტორია და გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცები ფუნდამენტურად არ არის წესრიგში.

ეკონომიკური აქტივობა და ლარი: დღევანდელ პირობებში, რეალურად ლარი არის ყველაზე ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური ეფექტის მქონე “ინსტრუმენტი”: მისი გაუფასურებისა და გამყარების მიხედვით ფულის მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში იზრდება ან მცირდება. თუმცა ეს “ინსტრუმენტი” არ ექვემდებარება არც ეროვნულ ბანკს და არც ფინანსთა სამინისტროს. ლარის გაცვლით კურსს გაცილებით ძლიერი და ამავე დროს მყისიერი ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის აქტივობაზე და მასში მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ყველა მონეტარულ-ფისკალურ ინსტრუმენტს ერთად აღებულს.

შედეგის თვალსაზრისით კი რა განსახვავებაა, მოსახლეობას ინფლაცია გააღარიბებს თუ გაუფასურებული კურსის გამო განკარგვადი შემოსავლის შემცირება? შედეგი ორივე შემთხვევაში ხომ ერთი და იგივეა: ნაკლები რეალური შემოსავალი.

სესხების დოლარიზაციის არსებულ პირობებში, ლარის გაუფასურება არა მარტო ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, არა მარტო ამცირებს მათი ცხოვრებისა და მატერიალური კეთილდღეობის დონეს, არა მარტო აღარიბებს მოსახლეობას, არამედ ამცირებს ქვეყნის ისედაც მცირე ეკონომიკასაც.

ლარის გაუფასურების პირობებში, მოსახლეობის შემოსავლების მზარდი ნაწილი ხმარდება სესხების დაფარვას. შედეგად კი სესხების დასაფარავად გადახდილი გაზრდილი ფულადი რესურსი აკლდება ეკონომიკის რეალურ სექტორს, რადგან ნაკლები თანხა იხარჯება კვებაზე ან კვების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე, ნაკლები დანაზოგი კეთდება უძრავი ქონების შესაძენად ან სარემონტოდ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ფულადი რესურსი ბრუნდება ეკონომიკის რეალურ სექტორში და მზარდი ფულადი რესურსი გადადის რეალური სექტორიდან ფინანსურ სექტორში – ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

საბანკო სექტორის დღევანდელი მაღალი ლიკვიდურობის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ბანკებს უფრო და უფრო უჭირთ ამ ლიკვიდური სახსრების სესხებად გაცემა ანუ ფულის რეალურ სექტორში ჩაბრუნება. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობის შემცირებული მსყიდველობითუნარიანობის გამო მცირდება ეკონომიკური და ბიზნესაქტივობა, მცირდება მოსახლეობისა და ბიზნესების კრედიტუნარიანობა, შესაბამისად, მცირდება მოთხოვა ფულად რესურსზე. ეს მდგომარეობა ყოველთვის არის დამახასიათებელი არასაკმარისად მზარდი ან სტაგნაციის პირობებში მყოფი ეკონომიკისათვის.

საპროცენტო განაკვეთები და ლარი: ამჟამად ქართული ბანკები დოლარის დეპოზიტებზე მეანაბრეებს უხდიან წლიურ 4%-5%-ს. ლარში – იმავე ვადიანობის შემთხვევაში – განაკვეთი 10%-11%-ია. მიზეზი მარტივია: არავინ შეინახავს ფულს ლარის ანაბარზე, თუ მას არ დაერიცხება უფრო მეტი, ვიდრე დოლარის ანაბარზე, სწორედ ლარის გაუფასურების მოლოდინის გამო. ლარის ანაბარზე გადახდილი 6%-ით მეტი, რომელსაც ბანკები იხდიან დოლარის ანაბრებთან შედარებით, არის სწორედ მეანაბრეებისათვის გადახდილი ლარის გაუფასურების რისკის პრემია. რადგან ლარის დეპოზიტები ძვირია, ასევე ძვირია სესხები ლარში: დღეს ბიზნესებს შეუძლიათ, აშშ დოლარში საბანკო სესხი აიღონ წლიურ 8-9 პროცენტად;

ლარის სესხზე საპროცენტო განაკვეთები იწყება 13-15 პროცენტიდან. ლარში სესხების სიძვირე კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია არასტაბილური ლარისა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორზე. თითქოს ბიზნესს აქვს საშუალება, აიღოს სესხი ლარში და ამით ფინანსური ვალდებულების ნაწილში მაინც დააზღვიოს სავალუტო რისკი. თუმცა ამ რისკის დაზღვევის ფასი – საპროცენტო განაკვეთი ლარის სესხზე – იმდენად მაღალია, რომ არსებული ბიზნესი თუ ბიზნესპროექტი ინვესტორისათვის აღარ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი.

მთავრობის საგარეო სესხები და ლარი: კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც გასათვალისწინებელია ლარის გაუფასურების შედეგების ანალიზისას, არის მთავრობის საგარეო ვალი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები. მაგალითად, 2011 წელს საქართველოს რკინიგზამ, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, ევროობლიგაციების განთავსებით ისესხა 500 მილიონი დოლარი. მაშინდელი გაცვლითი კურსის მიხედვით ეს კრედიტი შეადგენდა 835 მილიონ ლარს. დღეს მისი მოცულობა ლარში არის 1.3 მილიარდი ე.ი. ამ სესხის მოცულობა მხოლოდ ლარის გაუფასურების გამო გაზრდილია 60%-ით ანუ ნახევარი მილიარდი ლარით.

პროგნოზები ლარზე: დღეს, როდესაც ეს სტატია იწერება, 2019 წლის 17 მაისს, კომერციულ ბანკებში აშშ დოლარის ლარით ყიდვა შესაძლებელია კურსით 2.75. თუმცა ჩვენ შეგვიძლია  მივმართოთ ბანკს დოლარის 2 წლის შემდეგ შეძენისათვის (ე.წ. სავალუტო ფორვარდი): ანუ დღეს დავაფიქსირებთ კურსს და ორი წლის შემდეგ შევიძენთ დოლარს. ეს შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში დოლარის ყიდვის კურსი იქნება 3.11. გაცვლის ეს კურსი ასახვაა დოლარისა და ლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული იმ სხვაობისა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ და რომლის მთავარი საფუძველი არის სუსტი ლარი.

თუ თქვენ გინდათ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან განიხილოთ ბიზნესპროექტის დაფინანსება, დაგჭირდებათ ე.წ. ბიზნესგეგმა. რისკების სათანადოდ შესაფასებლად ნებისმიერი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია მოგთხოვთ ბიზნესგეგმაში ლარი/დოლარის კურსი 2-3 წლის შემდეგ აიღოთ მინიმუმ 3.0 (ვალუტის პროგნოზს არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია არ გაასაჯაროებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვეცოდინება, თუ მათგან ფულს ვისესხებთ ან მათ კაპიტალში შემოვიყვანთ). როგორც ვხედავთ, ლართან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ პროგნოზები კიდევ უფრო უარესია, ვიდრე დღევანდელობა.

გამოსავალი: დღეს მსოფლიოში არის 30-ზე მეტი ქვეყანა, რომელთა ეროვნული ვალუტის კურსები ფიქსირებულია აშშ დოლართან ან ევროსთან, ან ვალუტების კალათასთან. უმეტეს შემთხვევაში ამ ვალუტების კურსები ფიქსირებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფიქსირებულია გაცვლითი კურსის კორიდორები. ამ ქვეყნებს შორის არის როგორც განვითარებული (შვეიცარია, დანია), ასევე განვითარებადი ქვეყნები (ბულგარეთი, ვიეტნამი); სახელმწიფოები მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით და წიაღისეულის გარეშე; დიდი, მცირე და საშუალო ზომის ეკონომიკები; ნეტ-ექსპორტიორი და ნეტ-იმპორტიორი ქვეყნები. ამ სახელმწიფოებში ადგილობრივი ვალუტების გაცვლითი კურსები ათწლეულების განმავლობაში ფიქსირებულია დოლართან ან ევროსთან.

ვინ შეძლებს ლარის კურსის ფიქსირებასთან დაკავშირებული რისკების, სარგებლისა და ზარალის საფუძვლიან ანალიზს, და ფიქსირებულ კურსზე გადასვლის მექანიზმის შემუშავებასა და განხორციელებას? ამ საკითხის მინდობა ჩვენი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებისათვის საფრთხილოა, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ინფლაციაზე ტარგეტირებული მონეტარული პოლიტიკა მათთვის სინას მთის ქვაზე ამოტვიფრული ბიბლიური ჭეშმარიტების ტოლფასია; სხვა ჭეშმარიტება, გამოცდილება და ცოდნა კი მათთვის უცნობია. უპირობო ავტორიტეტი – სავალუტო ფონდი – ამ იდეით ასევე არ იქნება აღფრთოვანებული. სავალუტო ფონდმა ამ საკითხზე შეიძლება აღშფოთებაც კი გამოხატოს.

იქნებ კომერციული ბანკების გამოცდილი მენეჯერები და სპეციალისტები ჩაგვერთო ამ პროექტის განხორციელებაში? აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაცვლითი კურსის ფიქსირების შემთხვევაში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მოგების მიღება შეუძლებელია ან მიზერამდე მცირდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ სავალუტო ოპერაციებიდან 898 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის ის მოგება, რომელსაც საბანკო სექტორი დაკარგავს ფიქსირებულ გაცვლით კურსზე გადასვლის შემთხვევაში.

შესაბამისად, ძალიან არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ბანკირები შემდეგ დასკვნებს შემოგვთავაზებენ: ლარის კურსის ფიქსირების ნებისმიერი მექანიზმი გამოიწვევს “ინფლაციის უკონტროლო იმპორტს”, “ჩამოშლილ ექსპორტიორ კომპანიებს”, “განადგურებულ ეკონომიკას” “დაკარგულ მონეტარულ დამოუკიდებლობას”, “გარე შოკებზე რეაგირების ბუფერების გაქრობას”, “ეკონომიკური ზრდის კუთხით უარეს შედეგებს, ვიდრე დღეს გვაქვს”, “ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტული უპირატესობის დაკარგვას” და საზოგადოებრივი კეთილდღეობის პათოსით გამსჭვალულ სხვა მსგავს “ექსპერტულ” დასკვნებს.

გასაგებია, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივით (Ease of Doing Business Index) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ინვესტორისათვის ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ქოლესტერინი – გადასახადები, რეგულაციები და ა.შ. – ნორმაშია. თუმცა, ქოლესტერინის ნორმალური დონე მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ გულის ინფარქტის ალბათობა დაბალია. შიზოფრენიის რისკზე, რაც ლარის არაადეკვატურ და დეპრესიულ-ეგზალტირებულ ქცევაში გამოიხატება, ქოლესტერინის დონე ინვესტორისათვის არაფრის მთქმელია, თუმცა ის ამ რისკს აუცილებლად შეაფასებს.

ლარი არის საინვესტიციო კლიმატის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ნეგატიური ფაქტორი. ლარის პრობლემის გადაჭრა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებისათვის აუცილებელია ცვლილებებისა და რეფორმების გატარება ერთდროულად მრავალი მიმართულებით. შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ ხედვას სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

×

გთხოვთ, შეაფასოთ ლარის მცურავი კურსი

  • შეფასება
  • მიმოხილვა
  • ატვირთვა

შეფასება

How would you rate ლარის მცურავი კურსი services and products?

უკან

მიმოხილვა

როგორ შეაფასებდით კომპანიის მომსახურებას? წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას? რამდენად გაამართლა კომპანიამ თქვენი მოლოდინები? გაგვიზიარეთ ყველა დეტალი, გვინდა ვიცოდეთ - კარგიც და ცუდიც!

ატვირთვა

1 ნაბიჯი დაგრჩათ კომენტარის ატვირთვამდე

მეილით შესვლა
ახალი პროფილის შექმნა
 თქვენი შეფასება ახლა ქვეყნდება. გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა და დააჭირეთ დადასტურების ბმულს.