რობოტები - robots

რობოტები, ტექნოლოგიები & ჩვენი მომავალი?

  • აგვისტო 30, 2019
  • 2 წუთის საკითხავი
  • 190 წაკითხულია

ნავარაუდებია, რომ 2020 წელს გლობალური ავტომატიზაციის ბაზარი 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რაც უფრო ვითარდება მანქანებისა და კომპიუტერების ინდუსტრია, მით უფრო იცვლება დასაქმების ბაზარიც.

რატომ ეშინიათ ადამიანებს რობოტების?

რობოტების მომრავლებისა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტირებაზე, ალბათ, თქვენც გიფიქრიათ. რა იქნება შემდგომ? ალბათ, ლოგიკურია, რომ ადამიანებში ვნებათაღელვას იწვევს რობოტების ხსენება, რადგან გვგონია, რომ მანქანები სამსახურებში ჩაგვანაცვლებენ და უმუშევრებს დაგვტოვებენ;

თუმცა, რობოტების შექმნა და ავტომატიზაციის პროცესი საუკუნეებია მიმდინარეობს, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური და აქტიურია ეს საკითხი, წლიდან წლამდე საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიიწევენ რობოტები, რას უნდე ველოდოთ?

ისეთი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორები, როგორებიცაა: facebook, microsoft, google და ა.შ., ვარაუდობენ, რომ ხელოვნური იტელექტის მსგავს ტექნოლოგიებს იმაზე ბევრად დიდი გავლენა ექნება ჩვენს ცხოვრებაზე, ვიდრე წარმოგვიდგენია, ისეთი სფეროსა და სამუშაოების ავტომატიზაცია ხდება შესაძლებელი, რომელთა შესახებაც ამას აქამდე ვერ წარმოვიდგენდით.

საინტერესო კი ის არის, რომ ეს კომპანიები თავად ქმნიან გვევლინებიან ყველაზე მასშტაბური რობოტების შემქმნელები.

როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას ავტომატიზაცია?

გასულ საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა ის, რომ მონოტონური და ფიზიკურად დატვირთული სამუშაოები გაუმარტივა ადამიანებს, მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობის სფეროში შეიქმნა ისეთი მანქანები, დანადგარები, რომლებიც ავტომატურად მუშაობდნენ და არ საჭიროებდნენ ადამიანების ფიზიკურ ძალას (მაგალითად, სახნავ-სათესი ტექნიკა). ამ ცვლილებამ კი გამოიწვია ის, რომ ფერმერები უფრო მალე ასრულებენ სახნავ-სათეს საქმიანობას და მეტი დრო რჩებათ პროდუქციის გასაყიდად და სავაჭროდ.

გარდა ამისა, შეგვიძლია განვიხილოთ ქსოვილების წარმოება, ქსოვილების წარმოების დიდი ნაწილი ავტომატიზირებული გახდა დაზგების დახმარებით, ამან გამოიწვია პროდუქტიულობის ზრდა – უფრო მალე იწარმოებოდა ქსოვილები, ვიდრე მანამდე. პროდუქტიულობის გაზრდამ გამოიწვია ტანსაცმელზე ფასის კლებაც და პროდუქცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. დაჩქარებული საწარმოო პროცესისთვისა ფეხის ასაყოლებლად და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო გახდა მეტი მკერავის დაქირავება, შედეგად, გაიზარდა მკერავთა რაოდენობა და უფრო მეტი ადამიანი დასაქამდა საწარმოებში.

ავტომატიზაციის დადებითი გავლენა

შეიძლება ითქვას, რომ რობოტიზაციამ და ავტომატიზაციამ გლობალურად მოახდინა გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე და თითქმის ყველა სფეროში შეცვალა სამუშაოს სტრუქტურა.

ტექნოლოგიური მიღწევები აქამდე ძირითადად ეხებოდა ადამიანების საქმიანობის გამარტივებას, ფიზიკური დატვირთვის შემცირებას და ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გვაქვს მანქანა-დანადგარები, რომლებიც ჩვენს მინიმალურ ზედამხედველობას მოითხოვენ და ჩვენ, ადამიანებს, უფრო მეტი დრო გვრჩება რომ ნაკლებად მძიმე და უფრო მეტად გონებრივ საქმიანობაში ჩავერთოთ.

განვითარება საბანკო სფეროში

ზემოხსენებული სოფლის მეურნობის გარდა, ეს გავლენა აშკარაა საბანკო სფეროზეც. 70-იან წლებში ბანკომატების გაჩენამ წარმოშვა შიში, რომ ბანკებში მოლარეების საჭიროება აღარ იქნებოდა და ხალხი უმუშევრად დარჩებოდა, რეალურად კი ასე არ მოხდა. ბანკომატების გაჩენამ გაზარდა ეფექტურობა, შეამცირა ფანკომატის მიერ შეთავსებულ რუტინულ საქმიანობაზე ადამიანების მიერ დახარჯული დრო, გაზრდილმა პროდუქტიულობამ გააჩინა საჭიროება, რომ მეტი ფილიალი გახსნილიყო, შესაბამისად, მეტი ადამიანის დასაქმება გახდა საჭირო, გაჩნდა მეტი მოლარის ვაკანსია;

ცხადია, მხოლოდ დასაქმებულთა ზრდა არ იყო ამ ‘რევოლუციის’ მთავარი მიღწევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ის, რომ შეიცვალა მოლარე ოპერატორების სამუშაო სტრუქტურა, ფულის გაცემის მარტივი პროცედურა ბანკომატმა შეითავსა და მოლარეებმა დაიწყეს უფრო მეტი ფინანსური სერვისების გაწევა და მეტი პროდუქტის შეთავაზება. ეს კი გაცილებით საინტერესო და ინტელექტუალური სამუშაო იყო, რაც, ცხადია, უფრო მეტ უნარებს მოითხოვდა.

რობოტები ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას?!

ტექნოლოგიური მიღწევებისა და რობოტიზაციის წყალობით ჩვენი შრომა მეტად ფასეული და პროდუქტიული გახდა. უფრო მეტი დოვლათი იქმნება დღეს, ვიდრე იქმნებოდა მაშინ, როდესაც ადამიანებს თავად უწევდათ ყველანაირი სამუსაოს შესრულება. ასე მაგალითად, სახიფათო, ჭუჭყიანი, ანტისანიტარული და მძიმე სამუშაოები ავტომატიზირებულმა მანქანა-დანადგარებმა შეითავსეს, ხოლო ადამიანებს მეტი დროითი რესურსი გამოუჩნდათ ბევრად პროდუქტიული საქმის საკეთებლად, რის გამოც ადამიანებმა დაიწყეს უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე გადასვლა და ეს ყველაფერი ყველა ინდუსტრიაზე დადებითად აისახა, კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით განვითარდა და პროდუქტიული გახდა.

გარდა ამისა, ტექნოლოგიური რევოლუციის შემდეგ ჩვენ უფრო ნაკლებ დროს ვხარჯავთ მუშაობისას, ვიდრე ათწლეულების წინ ჩვენი წინამორბედები და თან ბევრად მეტ ფულს გამოვიმუშავებთ. ამის შედეგად, მეტი დრო გვაქვს გასართობად და მეტი ფული ცხოვრებით დასატკბობად, მეტი დრო გვაქვს შოპინგზე სიარულისთვის, ვიდეო თამაშებისთვის, სამოგზაუროდ და ა.შ.;

როგორ ფიქრობთ, ვიდეოთამაშების არსებობა რამ გამოიწვია? სავარაუდოდ იმან, რომ ადამიანებს უფრო მეტი დრო გამოუჩნდათ დასასვენებლად, გაუჩნდათ მოთხოვნილება გასართობად და მეტი ფული – საკუთარი სიამოვნებისთვის. ამან კი ახალი ინდუსტრია – ვიდეოთამაშების ინდუსტრია წამოშვა. სულ რაღაც 30 წლის წინ ამ სფეროს არსებობა, მგონი, წარმოუდგენელი იყო.

ხელოვნური ინტელექტი და ადამიანების როლი

ხელოვნური იტელექტის არსებობა აუცილებელია დღევანდელ რეალობაში, რადგან ის კარგ ინფორმაციას გვაწვდის არსებული მონაცემების საფუძლველზე. თუმცა, ანალიზი, მათი გამოყენება და სტატეგიების დაგეგმვა უკვე მხოლოდ ადამიანების კომპეტენციაა.. იქ სადაც საჭიროა კრეატივი, არაორდინალურად ფიქრი და რთულ სიტუაციაში გამოსავლის ძიება, მხოლოდ ადამიანი შეძლებს მუშაობას.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
190 წაკითხულია
გამოქვეყნებული აგვისტო 30, 2019
(ბოლოს განახლებული თებერვალი 5, 2020)

კომენტარი

საინტერესო თემები