როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის დაზოგვა?

Less than a minute

გახსოვთ, თქვენი მშობლების ან ბებია – ბაბუების მიერ ნაყინის საყიდლად მოცემული 2 ლარი? რას ყიდულობდით ამ ფულით? მაღაზიაში შესვლისას ბოლო თეთრამდე ხარჯავდით თანხას თუ ცდილობდით დაგეზოგათ რაიმე უფრო დიდისა და მნიშვნელოვანის საყიდლად?

როგორც წესი, ბავშვებს რეგულარულად, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად აძლევენ მშობლები სახარჯო ფულს საჭმლისა და ტრანსპორტისთვის, როგორ იყენებს ბავშვი ამ ფულს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიაჩვევს მშობელი ფულის კონტროლს და როგორ უნარებს გამოუმუშავებს!

როგორიც არ უნდა იყოს ოჯახში სიტუაცია, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან გავაგებინოთ, რა არის ფული და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.

გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე იდეა იმისა, თუ როგორ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ფულის სწორად გამოყენება და მართვა.

როდის ვასწავლოთ ბავშვს ფულის დაზოგვა?

ფულის დაზოგვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი.

ალბათ, დაგიზოგავთ თანხა სახლისთვის, საოცნებო ქვეყანაში სამოგზაუროდ ან უბრალოდ იმისთვის, რომ ნებისმიერ ეტაპზე მზად იყოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ფაქტი, რომ გაქვთ ‘შავი დღისთვის’ გადანახული ფული და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ იგი, ძალიან დიდ იმედს გაძლევთ და გიქმნით უსაფრთხოების შეგრძნებას.

შეეცადეთ, ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ თქვენს შვილს ფულის დაზოგვა, რადგან გამომუშავებული უნარები ძალიან დაეხმარება მას მომავალში, როდესაც დაიწყებს მუშაობას, მიიღებს ანაზღაურებას და დაიწყებს ოცნებას – ჰქონდეს საკუთარი სახლი ან იმოგზაუროს საოცნებო ქვეყანაში, ეს ყველაფერი იწყება ყველაზე ელემენტარული – ჯიბის ფულიდან!

როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა?

ბევრ მშობელს ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – როდესაც შვილებს ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად აძლევენ ფულს, ბავშვები თავად არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ როგორ დახარჯავენ ამ თანხას.

ხშირად მშობლები არასწორად იქცევიან – შვილებს აძლევენ ჯიბის ფულს და, ამის პარალელურად, თავადაც ყიდულობენ სხვადასხვა სახის ტკბილეულს. ეს არ არის მართებული გზა იმისთვის, რომ ვასწავლოთ შვილებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ “პირად ფინანსებს” და გონივრულად მართონ ის.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ბავშვს მივცემთ, მაგალითად, 5 ლარს მთელი კვირის განმავლობაში ნაყინისა და ტკბილეულის საყიდლად, ეს ფული უნდა იყოს საკმარისი ნაყინისა და ტკბილეულისთვის მთელი კვირის განმავლობაში. თუ ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ უყიდით ნაყინს ნებისმიერ დროს როცა მოგთხოვთ, მაშინ მას გაუჭირდება ფულის ღირებულებისა და დანიშნულების გაგება.

კიდევ ერთი რამ – თუ ბავშვი თავის ჯიბის ფულს პირველივე დღეს სრულად ხარჯავს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ და განიხილოთ მიზეზი, რატომ გადაწყვიტა მთელი კვირის სამყოფი თანხის დახარჯვა? შემდეგ განუმარტეთ და დაანახეთ – საკუთარი ფულის დახარჯვის სხვა რა ალტერნატივები ჰქონდა და შეეცადეთ მომდევნო კვირებში გააუმჯობესოთ მისი ფულის მართვის უნარ-ჩვევები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენს შვილს გაუზარდოთ სახარჯო ფული და მისცეთ არა ყოველკვირეულად, არამედ ყოველთვიურად მთელი თვის განმავლობაში დასახარჯი თანხა. უფრო დიდი თანხა და გრძელვადიანი პერიოდი თქვენი შვილისთვის ქმნის ახალ გამოწვევებს, რაც მას დაეხმარება პირადი ფინანსების მართვისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.

5 რჩევა, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა 

  1. ნუ ეცდებით, ბავშვის ძალდატანებას ფულის დასაზოგად, ფულის დაზოგვის უნარები უნდა ჩამოუყალიბდეს დრო და დრო გართობის გზებით, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სახალისო და სამოტივაციო თამაშები;
  2. მიეცით ბავშვს საშუალება, საკუთარიდანაზოგისა და ფულის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდესსაკუთარი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მისცეთ მას იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად სჭირდება, ‘ზედმეტი’ ფულის გაჩენისას ნელ-ნელა, თვიდან თვემდე, ფულის უკეთესად მართვის უნარჩვევები ჩამოუყალიბდება;
  3. დაელაპარაკეთ თქვენს შვილს თავის ოცნებებზე და აგრძნობინეთ, რომ დანაზოგით შეუძლიათ ამ ოცნებების ასრულება. ბავშვისთვის ძალიან რთულია იმის გადაწყვეტა, თუ რაში დახარჯოს თავისი ჯიბის ფული, თუ თქვენგან არ გრძნობს მხარდაჭერას;
  4. მაღაზიაში საყიდლებზე ერთად სიარული არის შესანიშნავი ხერხი იმისთვის, რომ თქვენს შვილებს მისცეთ კარგი მაგალითი და გამოუმუშაოთ თანხის სწორად მართვის უნარები; რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ბავშვებს ყველაფერი ხალისით უნდა ვასწავლოთ და მაღაზიაში არ უნდა ჩაუტაროთ მკაცრი გაკვეთილები;
    შეგიძლიათ, ტკბილეულის ან ნაყინის არჩევისას ყურადღება მიაქციოთ ფასებს და შეადაროთ ისინი ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმაც აღიქვას თქვენი ქმედება და მანაც შეადაროს ფასები ერთმანეთს – ნაყინი უფრო იაფია თუ შოკოლადი?
  5. დაანახეთ ბავშვებს, რომ მათი ჯიბის ფულსაც კი შეუძლია კონკრეტული საპროცენტო განაკვეთით სარგებლის ნახვა – ასწავლეთ და აუხსენით მათ ანაბრისა და პროცენტის მნიშვნელობა და პრინციპი! წაახალისეთ და უთხარით, რომ მიიღებს 10% -იან სარგებელს იმ თანხაზე, რამდენსაც ყოველთვიურად დაზოგავს – ამ მიდგომით ბავშვი მიხვდება, რომ მისი შემოსავალი შეიძლება დანაზოგიდანაც გაიზარდოს.