saxlidan mushaoba - produqtiuloba

როგორ ვიყოთ ნაყოფიერი სახლიდან მუშაობისას?

  • აპრილი 23, 2020
  • 3 წუთის საკითხავი
  • 156 წაკითხულია

სახლიდან მუშაობა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური გზაა. საქართველოში კომპანიათა სრული უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. სოციალურმა დისტანციამ მარტოხელა თანამშრომლებად გვაქცია და ჩვენი სახლი ერთკაციან ოფისებს დაამსგავსა.

მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული სახლიდან მუშაობას, ან ვისაც არ აქვს ორგანიზებული სამუშაო გრაფიკი, ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადასვლა ერთგვარი გამოწვევაა. კონცენტრირების ნაკლებობა და ყურადღების სხვა აქტივობებზე გადატანა აფერხებს ჩვენს პროდუქტიულობას. დღევანდელ რეალობაში ეს მოსალოდნელიცაა, რადგან სახლი არის ჩვენი პირადი სივრცე, რომელსაც აქამდე სამუშაო ოფისის ფუნქციით არ ვიყენებდით და რომელიც ოჯახის სიმყუდროვესთან ასოცირდება.

saxlidan mushaoba - produqtiuloba

რჩევები პროდუქტიულობის გასაზრდელად სახლიდან მუშაობისთვის

შეინარჩუნეთ კავშირი თანამშრომლებთან

რეალურ ცხოვრებაში, ოფისში მისვლისას სამუშაო განწყობას გვიქმნის ჩვენს თანამშრომლბეთან კომუნიკაცია და სამსახურეობრივი საკითხების ერთად განხილვა.

სახლიდან მუშაობის რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან კომუნიკაცია და აქტიური კონტაქტის შენარჩუნება, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავდით ოფისში; კოლეგებთან კავშირი უდიდეს როლს თამაშობს სამსახურეობორივი განწყობის შენარჩუნებაში.

დაურეკეთ გუნდის წევრებს! 💻

online shexvedra zoomit

ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში ძალიან აქტიურად გამოიყენება ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ: Zoom, Microsoft Teams, Skype და ა.შ.
პირველ რიგში, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადაწყობას ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე, ქმნიან ვირტუალურ ჯგუფებს, გეგმავენ ონლაინ შეხვედრებს, გუნდურ კონფერენციებს და ა.შ. ზრუნავენ, მოგვიხსნან ბარიერები თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის შესანარჩუნებლად.

თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეები ისე გადის, რომ არ ვურეკავთ თანამშრომლებს ონლაინ, მხოლოდ 1-2 წინადადებიანი მიმოწერით შემოვიფარგლებით და საბოლოოდ, მარტოსულად ვმუშაობთ.

ჩვენი რჩევაა, სახლიდან მუშაობის პერიოდში აუცილებლად შეინარჩუნოთ ყოველდღიური, თუნდაც, 10 წუთიანი კონტაქტი თანამშრომლებთან ისე, რომ ხედავდეთ ერთმანეთს და ისევე საუბრობდეთ საკითხებზე, როგორც ოფისში ერთად ყოფნის დროს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით შეძლებთ თქვენი გონება მომართოთ სამსახურის საკითხებზე, ოფისის გარემოში მოექცეთ 10 წუთით მაინც და გქონდეთ შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გაქვთ ჩასახური/გასაგრძელებელი მიმდინარე დღის განმავლობაში.
მეორეს მხრივ, ეს არის ერთგვარი სოციალიზაცია, რაც ძალიან გვაკლია სოციალური დისტანციის პირობებში.. დიახ, თანამშრომლების დანახვა და მათთან სიტყვიერი კონტაქტის დამყარება აუცილებელია.

შეიმუშავეთ გრაფიკი და აკონტროლეთ საკუთარი დრო

ალბათ, შეამჩნევდით, რომ სახლში ყოფნისას დრო ბევრად სწრაფად გადის. მიზეზი ჩვენი არასწორი მიდგომაა – რადგან მთელი დღე სახლში ვართ, ვფიქრობთ, რომ იმაზე ბევრად მეტი დრო გვაქვს, ვიდრე მანამდე გვქონდა..

შესაძლოა, ამ რეჟიმში გადასვლის შემდეგ მართლაც მეტი დრო „გამოგვითავისუფლდა“ იმის ხარჯზე, რომ აღარ გვიწევს ტრანსპორტში საათების გატარება, სამსახურში განსაზღვრული 9 საათიანი რეჟიმის დროს გაწერილი სამუშაო შეგვიძლია ახლა უფრო მალე და ნაკლებ დროში გავაკეთოთ.  თუმცა, რეალობა სხვანაირია – საათები ისე გადის, ვერ ვაკონტროლებთ და ბევრად მცირე დროს ვატარებთ პროდუქტიულად.

რჩევა: გაწერე მომდევნო დღე 📝

პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გრაფიკის შექმნა და მაქსიმალურად კონტროლი. ჩვენს ამჟამინდელ გარემოში რთულია საზღვრების დაცვა – როდის უნდა ვიმუშაოთ, როდის დავისვენოთ, როდის მივხედოთ საოჯახო საქმეებს.. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, წინასწარ გაწეროთ თქვენი მომდევნო დღე, გაუზიაროთ სახლში მყოფებსაც (რადგან, ყურადღების გაფანტვას ხშირად იწვევეს ოჯახის წევრების სამუშაო სივრცეში შემოჭრა, მათთან საუბარი) და ზედმიწევნით მიჰყვეთ განრიგს, რაც მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შექმნათ რეალისტური განრიგი.

ამის ეფექტურად განხორციელება შეგიძლიათ მობილური აპლიკაციებით, რომლებიც წინასწარ გატყობინებთ, რომ, მაგალითად, დასრულდა დასვენების დრო და უნდა განაგრძოთ მუშაობა, ან დროა ლანჩზე გახვიდეთ სამზარეულოში და ა.შ.

🚀 მაგალითისთვის, შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ Long Day აპლიკაცია iOS-სთვის და TimeTune აპლიკაცია Android-ისთვის.

გაწერეთ თითოეული საათი – როდის რას გააკეთებთ, და მაქსიმალურად მიჰყევით მას.. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა დღევანდელ რეალობაში რეჟიმის შესანარჩუნებლად.

PS: რაც მთავარია, არ დააგვიანოთ საუზმეზე, დილის რუტინის შენარჩუნება ძალიან ზრდის ჩვენი მთელი დღის ეფექტურობას.

მოიწყვეთ ორგანიზებული სამუშაო გარემო

როდესაც ვამბობთ, რომ აუცილებელია სამუშაო სივრცის მოწყობა, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ცალკე ოთახის მოწყობას ოფისის სტილში, სადაც საოფისე ავეჯს განვათავსებთ. ზემოთაც ვთქვით, რომ სახლი პირადი სივრცეა, რომელიც, დროებით, 1 კაციან ოფისად გადავაკეთეთ. საკუთარ თავს რომ დავეხმაროთ სამუშაო განწყობის შექმნაში, გვჭირდება, მცირე ცვლილებები მაინც შევიტანოთ ჩვენს სამუშაო კუთხეში, რათა აღვიქვათ, რომ მოვემზადეთ სამუშაოდ და ახლა დროა კვლავ პროდუქტიულებად ვიქცეთ.

სახლიდან მუშაობა სამუშაო სივრცე

სამუშაო კუთხის მოწყობა შესაძლოა გულისხმობდეს პატარა სივრცის ისე ორგანიზებას, სადაც ჩვენთვის სამუშაო პროცესში საჭირო ნივთებს განვათავსებთ. ლეპტოპი/კომპიუტერი, ბლოკნოტი, ფანქარი, კალამი, A4 ფორატის ფურცლები, კალკულატორი და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ დაწოლილ მდგომარეობაში მუშაობა, ასევე, ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა თქვენს ორგანიზმს ვნებს.

არ დაგავიწყდეთ შესვენება – მცირე ჯილდო საკუთარი თავისთვის

გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტიულობა სულაც არ ნიშნავს საათობით გადაბმულად მუშაობა. მეტიც, შესვენებების გარეშე მუშაობა 90 წუთის შემდეგ ეფექტურობას კარგავს, რადგან ვიღლებით და გვჭირდება 10-20 წუთიანი შესვენება/დასვენება.

ზემოთ ვთქვით, რომ აუცილებელია განრგის შექმნა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მივყვებით. ამ ყველაფერში სირთულე განრიგის დაცვაა, რადგან, ხშირად იმაზე მეტ პროდუქტიულობას მოვითხოვთ საკუთარი თავისგან, ვიდრე რეალური გარემო გვიწყობს ხელს.

გირჩევთ, სამუშაო პროცესი დაყოთ 1 საათიან პეროდებად, ყოველი საათის შემდეგ კი 10 წუთიანი შესვენებით დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. შესვენების დროს გადით სხვა ოთახში, გადით აივანზე, მოშორდით ლეპტოპს (ეცადეთ, facebook-ის სქროლვას არ დაუთმოთ დასვენების წუთები, რათა გონებამ რეალურად დაისვენოს)..

აქვე, ძალიან კარგი იქნება, თუ ტელეფონს გამოურთავთ ხმას, რათა სოციალურ ქსელებში მოსულმა შეტყობინებებმა არ გაფანტოს თქვენი ყურადღება და კონცენტრაციის შენარჩუნება არ გაგიჭირდეთ.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
156 წაკითხულია
ბოლოს განახლებული ივნისი 7, 2020

კომენტარი

საინტერესო თემები