‘შავი ხვრელი’ სესხების რეგულაციებში

2 წუთი

ბოლო პერიოდში სესხების სფეროში დიდი აურზაურია, ეროვნული ბანკი ახალი რეგულაციებით ცდილობს შეზღუდოს სესხების გაცემის პოლიტიკა, ეს პროცესი 2018 წლის შემოდგომიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

2019 წლიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით დაწესდა სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, აქამდე თუ მაქსიმუმ 100% შეიძლება ყოფილიყო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ახლა ეს მაჩვენებელი განახევრდა და გახდა 50%.

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

რა მოხდა შედეგად?

ახალმა რეგულაციებმა სესხების გამცემი სუბიექტები გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საგრძნობლად შეუმცირა შემოსავალი, ფაქტობრივად გაუნახევრა, ამ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე – vivus.ge ბაზრიდან გავიდა.

საქმე ის არის, რომ მოსახლეობის მხრიდან სესხებზე მოთხოვნა არ მცირდება, განსაკუთრებით, სწრაფი ონლაინ სესხი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად რჩება, კომპანიებმა შემოსავლების შესანარჩუნებლად დაიწყეს ისეთი გზების ძიება, რომლითაც გვერდს აუვლიან ახალ რეგულაციებს და მიაგნეს კიდეც კანონის ‘შავ ხვრელს’.

აქამდე შეზღუდვები თუ სესხებზე ვრცელდებოდა, ამ მხრივ ლიზინგი ჯერ-ჯერობით თავისუფალია, ამიტომ ვებ გვერდებზე სესხს სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ლიზინგი, ლიზინგის ქვეშ კი გასცემენ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სწრაფ სესხს ლიზინგის პირობების დაცვით.

რა არის ლიზინგი?

ლიზინგი ჰგავს გრძელვადიან სესხს, თუმცა მისგან განსხვავებით, ლიზინგი არ საჭიროებს რაიმე სახის უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადებას, ის აქტივი, რომელზეც გვსურს ლიზინგი გავაკეთოთ, თავად წარმოადგენს უზრუნველყოფას, ლიზინგის დაწყებისას აქტივი გადავა კომპანიის მფლობელობაში და დარჩება მის სახელზე მანამ, სანამ ბოლომდე არ დავფარავთ კომპანიიდან აღებულ სესხს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ავტო ლიზინგი, იგი ძალიან ჰყავს ავტო ლომბარდს მომხმარებლის მიერ ავტომობილის ტარების უფლებით. ავტო ლიზინგის დროს, ავტომობილი, რომელზეც ლიზინგი კეთდება, თავდაპირველად გადადის სალიზინგო კომპანიის მფლობელობაში და აღებული სესხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა მომხმარებელს.

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიებმა 2019 წლიდან დაიწყეს ტელეფონის ლიზინგის გაკეთება სწრაფი სესხის სანაცვლოდ, სწორედ ეს არის კანონის ‘შავი ხვრელი’ და ამგვარად ცდილობენ კომპანიები პოზიციების შენარჩუნებას.

როგორ ხდება რეგულაციის თავიდან არიდება?

სესხის რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, კომპანიებმა შეადგინეს სქემა, რომელიც წარმატებულად მუშაობს და არც რაიმე კანონს არღვევს, კერძოდ, დაიწყეს მობილურის ლიზინგის გაკეთება.

თუ აქამდე ონლაინ სესხზე განაცხადის გაგზავნის შემდეგ 4-ნიშნა კოდი იგზავნებოდა მობილურზე ტელეფონის ნომრის დასადასტურებლად, ახლა გამოგეგზავნებათ ორი 10-ნიშნა კოდი, ამ ორივე მონაცემის შეყვანის შემდეგ კი თქვენ იღებთ ონლაინ სესხს და ამავდროულად ტელეფონზე აკეთებთ ლიზინგს, რეალურად, ეს არის ტელეფონის ლიზინგი.

რეალურად, თქვენ გსურთ სწრაფი ონლაინ სესხი, თუმცა რეგულაციების გამო მისი გაცემა იმდენად შეზღუდულია, რომ დიდია ალბათობა სესხი ვერ აიღოთ, მეორე მხრივ კომპანიასაც სურს დააკმაყოფილოს სწრაფ სესხებე მოთხოვნა და არ დაკარგოს მომხმარებელი, შედეგად, თქვენ იღებთ სესხს, თუმცა ტელეფონის სხვის მფლობელობაში გადაცემის სანაცვლოდ.

დაცულია თუ არა ჩვენი უფლებები?

რეალურად, თქვენი უფლებები არ ირღვევა, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია წერია იმ კონტრაქტში, რომელსაც ლიზინგის გაკეთებამდე აფორმებთ, კონტრაქტი ამ ინფორმაციას გაწვდით, თუმცა რამდენად კითხულობთ კონტრაქტს სწრაფი ონლაინ სესხის აღებისას? საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად, თითქმის არავინ კითხულობს კონტრაქტს.

საბოლოოდ გამოდის, რომ აკეთებთ ლიზინგს, რომელიც უფრო ძვირი ჯდება და უფრო მეტი თანხის დაბრუნება გიწევთ, ვიდრე ონლაინ სესხზე.

დღესდღეობით ამ სქემას მიმართავს არაერთი სწრაფი სესხის კომპანია რეგულაციებისგან თავის დასაღწევად.

ვიხდით თუ არა ძვირს ლიზინგში სესხთან შედარებით?

როგორც ზემოთ ვთქვით, სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შემცირდა, 50%-ია შემოთავაზებული ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც, ამიტომ გვგონია, რომ ლიზინგიცა და სესხიც ერთი და იმავე ღირებულებისაა და დასაფარ თანხებს შორის არ იქნება დიდი განსხვავება, რეალურად კი ლიზინგი უფრო ძვირი პროდუქტია, ვიდრე სწრაფი სესხი.

ლიზინგის დროს ემატება დღგ, ასევე მაღალია გაცემის საკომისიო, შედეგად, ლიზინგის საფარ ქვეშ აღებული სესხი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი, ტრადიციული სწრაფი სესხი.

განვიხილოთ მაგალითი ერთ-ერთი კომპანიის რეალობიდან, ადრე თუ ავიღებდით სწრაფ სესხს 300ლ 1 თვის ვადით, 1 თვის შემდეგ სესხის დასაფარად გვიწევდა 310 ლარის დაბრუნება, ამჟამინდელი ლიზინგის პირობებში, იმავე მოცულობის ლიზინგზე გვიწევს 365 ლარის დაბრუნება.

_____

ზემოხსენებული სქემის გაჩენა მოსალოდნელი იყო, რადგან ხალხის მხრიდან ონლაინ სესხებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიების ამგვარი ქცევა არ არის გასაკვირი.

×

გთხოვთ, შეაფასოთ ‘შავი ხვრელი’ სესხების რეგულაციებში