რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

როგორ იქცევით სესხის აღებისას? რა კრიტერიუმით ადარებთ სესხებს ერთმანეთს?
გაიგეთ, რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ უნდა მიაქციოთ მას სესხის აღებისას, წაიკითხეთ რჩევები და ისესხეთ გონივრულად!

შეადარე სესხები და იპოვე ყველაზე იაფი!

სესხის აღებისას საპროცენტო განაკვეთი არც ისე მაღალი გვეჩვენება, თუმცა საბოლოოდ გამოდის, რომ სესხი იმაზე ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა და მოსალოდნელზე უფრო დიდი მოცულობის თანხის გადახდა გვიწევს, რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი!

რომელი საპროცენტო განაკვეთს ვიყენებთ?

როდესაც სესხს ვიღებთ, ყურადღებას ვაქცევთ, რამდენია სესხის ძირი თანხა და საპროცენტო განაკვეთი, თუმცა, შეამჩნევდით, რომ კრედიტორი კომპანიები ხან წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გვესაუბრებიან, ხანაც კი ნომინალური საპროცენტო განაკვეთით, უმეტესად, მარკეტინგული ხრიკებისა და კომერციულად მომგებიანი რეკლამებისთვის, იყენებენ ნომონალური საპროცენტო განაკვეთებს.

რატომ? რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? რითი განსხვავდება იგი ნომინალური საპროცენტო განაკვეთისგან? მოდით ამ კითხვებს საბოლოოდ გავცეთ პასუხი!

რატომ არის მნიშნელოვანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ნებისმიერ ტიპის სესხს, იქნება ეს სწრაფი სესხი, სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი თუ ავტო სესხი, უამრავი პირობა და ფარული ხარჯი ახლავს თან, მაგალითად, სესხის დამტკიცების საკომისიო, სესხის გატანის საკომისიო და ა.შ.

ცხადია, თითოეული ეს დამატებითი საკომისიო გადასახადი სესხს კიდევ უფრო აძვირებს, რადგან მათი გადახდა უწევს მომხმარებელს, შესაბამისად, სესხის ღირებულება აღარ არის მხოლოდ ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, იგი უამრავი სესხთან დაკავშირებული ფარული და არაფარული საკომისიოების ერთობლიობაა.

წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის სწორედ ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ითვალისწინებს სესხის აღებისას გადასახდელ ყველა ფინანსურ ხარჯს იმ პერიოდის მიხედვით, რა პერიოდშიც მოხდება ამ ხარჯების გაწევა.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი კი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ასახავს მხოლოდ სესხის ძირ თანხაზე დარიცხულ პროცენტს და არ ითვალისწინებს სესხის აღებასთან დაკავშირებულ დამატებით (ფარულ) ხარჯებს.

თუმცა, როგორც ვთქვით, სესხის აღება არ ნიშნავს მხოლოდ ძირი თანხის აღებას და მასზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთით დარიცხული საპროცენტო ხარჯების გადახდას, სესხის აღების თანმდევია დამატებითი ხარჯები და საკომისიოები, რომლებიც კრედიტორი კომპანიების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, სესხის დამტკიცების საკომისიოს, იპოთეკური სესხის შემთხვევაში – იპოთეკის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის საკომისიოს, სესხის გატანის საკომისიოს და ა.შ.

როგორც წესი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურ საპროცენტო განაკვეთზე მაღალია, რადგან ითვალისწინებს სესხის სხვა აშკარა და ფარულ ხარჯებსაც.

მაგალითად?

მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი, შესაძლოა, რომ A კომპანია ითხოვდეს, გადავუხადოთ სესხის დამტკიცების საკომისიო, B კომპანია კი საკომისიოს გარეშე გასცემდეს სესხს, თუმცა, ორივე A და B კომპანიების ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ერთნაირი იყოს.

რეალურ და სამართლიან სურათს გვაძლევს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება A კომპანიის მიერ დაწესეული დამატებითი ხარჯი სესხის დამტკიცების საკომისიოს სახით, შესაბამისად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი A-ს შემთხვევაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე B კომპანიის შემთხვევაში. ჩვენ, როგორც მომხმარებელი, რომელ სესხს ავირჩევდით, მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხს? ცხადია არა, ავირჩევდით იმას, რომელი სესხის ეფექტური განაკვეთიც უფრო დაბალია!

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, სესხის აღებისას, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ბანკი,  უნდა დავინტერესდეთ რამდენია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან იგი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა გავწიოთ სესხის აღებისთვის, ამიტომ, სესხების შედარებისას ყველაზე სწორ, სამართლიან და რეალურ პასუხს მივიღებთ თუ სესხებს შევადარებთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთით.

სესხები და ჩვენი უფლებები

ჩვენ ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა ვიპოვოთ ყველაზე იაფი სესხი და გავაკეთოთ გონივრული არჩევანი სესხის აღებისას – ეს ჩვენი უფლებაა!

ჩვენი უფლებების დასაცავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2011 წელს მიიღო დადგენილება -„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“;

ამ კანონის მიხედვით საქართველოში არსებული კომერციული ბანკები გახდნენ ვალდებულნი, მომხმარებელთან ხელშეკრულების დადებამდე გააცნონ ყველა სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია, პირობა, დამატებითი ხარჯები, საკომისიოები და, რაც მთავარია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეს კანონი ეხება ბანკში სესხის აღებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

მიუხედავად ამისა, ბანკს აქვს უფლება, თავის კომერციულ ვებ-გვერდებზე არ მიუთითოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და მიუთითოს მხოლოდ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, თუმცა, გილოცავთ, ამიერიდან თქვენი შეცდომაში შეყვანა რთული იქნება, რადგან თქვენ უკვე იცით, როგორ ისესხოთ გონივრულად.

ავტორის შესახებ

იმეგობრეთ financer.com-თან

შემოგვიერთდით Facebook-ზე

×

გთხოვთ, შეაფასოთ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?