სესხის აღების 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

სწრაფი სესხების პოპულარობა დღეს აღარავის უკვირს, ბოლო რამდენიმე წელია ონლაინ სესხების სფერო იმდენად განვითარდა, რომ რთულად მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც სწრაფი სესხით ერთხელ მაინც არ უსარგებლიათ.

სესხის აღების მიზეზი ძალიან ბევრია, თითოეული ჩვენგანი განსხვავებული მიზნით იღებს სესხს, თუმცა საინტერესოა, გამოვყოთ რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ვიღებთ სესხს.

ამ სტატიაში ვისაუბროთ სწორედ სესხის აღების 10 ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე:

გახსოვდეთ, ამ სტატიის ფარგლებში განხილული მიზეზები არ არის სესხის აღების რეკომენდაცია, უბრალოდ გვინდა გაგაცნოთ მიზეზები, ჩვეულებრივ, როდის და რატომ მიმართავენ ადამიანები სესხს.

1. უძრავი ქონების შეძენა ან რემონტი

ბევრისთვის, სახლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი შენაძენია, იქნება ეს იპოთეკური სესხი თუ უბრალოდ სარემონტო სესხი – თითქმის ყველა ოჯახს ერთხელ მაინც უწევს სახლთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გაწევა.

ვინაიდან ბინის შესაძენად საჭირო დიდი თანხა არ არის ადვილად შესაგროვებელი, ასეთ დროს სესხის აღება საკმაოდ ლეგიტიმურია, ამასთანავე, იპოთეკური სესხების ხელსაყრელი პირობების გამო, მისი დახმარებით ბინის შეძენა უფრო უკეთესი და ნაკლებხარჯიანია, ვიდრე ბინის იჯარით აღება. ამ მიზეზით იპოთეკური სესხის აღება ყველაზე ხშირია.

2. ავტომობილის შეძენა

ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, მისი ყოლა თითქმის აუცილებლობად იქცა, ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ შენაძენს წარმოადგენს.

ძალიან რთულია გაუმკლავდე ოჯახის ყოველდღიურ აქტიურ ცხოვრებას ავტომობილის გარეშე, დილით წახვიდე სამსახურში, შვილები ატარო სკოლაში/ბაღში, შემდეგ წაიყვანო სხვადასხვა წრეებსა და გასართობ ადგილებში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა სამუშაო ადგილი სახლიდან მოშორებით მდებარეობს.

ასეთ სიტუაციაში, ავტო სესხის აღება საკმაოდ გონივრულია, ავტომობილის შეძენა არის სესხის აღების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი.

3. მოგზაურობა ან დასვენება

მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღება გართობის მიზნით არ არის რეკომენდირებული, ამ მიზეზით აღებული სესხები საკმაოდ ხშირია.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს უჭირთ სამოგზაურო ხარჯებისთვის საჭირო თანხის დაზოგვა, რომ დასვენების პერიოდი მშვიდად გაატარონ საკუთარი დანაზოგით, ამიტომ, ამ მიზნებისთვის მიმართავენ სამოგზაურო სესხს – რათა შვებულების პერიოდში უფრო დიდხანს და უკეთესად დაისვენონ.

ცხადია, დასვენების დროს, არავის უყვარს ფულზე ფიქრი და დარდი, ამიტომ მოგზაურობისა და დასვენებისთვის აღებული სესხები საკმაოდ ხშირია.

4. სესხების რეფინანსირება / დავალიანების გადახდა

თუ რამდენიმე მიმდინარე სესხი გვაქვს, მათი ჯამური მოცულობა შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ აღარ შეგვეძლოს ყოველთვიური საკომისიოების გადახდა, ამ დროს, როგორც წესი, იღებენ რეფინანსირების სესხს.

სესხების აღების ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მიზეზია ძველი სესხების გადაფარვა ახალი დიდი მოცულობის სესხით, ანუ არსებული სესხების ერთი დიდი სესხის ქვეშ გაერთიანება, ამ მიზნით აღებულ სესხს ჰქვია რეფინანსირების სესხი.

რეფინანსირების სესხი უნდა ავიღოთ ძალიან ფრთხილად, ყველა ფაქტორის აწონდაწონითა და გათვალისწინებით, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სიტუაციის გაუმჯობესება, ასევე მნიშვნელოვანი გაუარესებაც.  საქართველოში თითქმის ყოველ მესამე ადამიანს ვალი აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რეფინანსირების მიზნით ასე ხშირად რატომ მიმართავენ ადამიანები სესხს.

5. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აღჭურვილობის შეძენა

სამწუხაროდ, ჩვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი ხშირად გამოდის მწყობრიდან, შემდეგ გვიწევს მისი შეკეთება ან ახლით შეცვლა, მოულოდნელი ხარჯები კი მტკივნეულად აწვება ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას;

ზოგჯერ საკმაოდ ძვირია ახალი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, თანხის ერთბაშად გადახდა კი არ არის მარტივი, ამიტომ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ხშირად მიმართავენ სამომხმარებლო სესხებს.

რაც მთავარია, სამომხმარებლო სესხის დამტკიცება და თანხის მიღება სწრაფადვე ხდება, ამიტომ აღარ არის საჭირო თვეების განმავლობაში აგროვოთ სრული თანხა, შეგიძლიათ სესხის დახმარებით მალევე ჩაანაცვლოთ გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახლით.

6. გართობა  / დღესასწაულები

გართობის მიზენით სესხის აღება საკმაოდ ხშირია, სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა სწორედ ამ მიზნით იღებს სესხს და ავიწყდებათ, რომ ამ არაგონივრულ ქმედებას შეიძლება ძალიან რთული ფინანსური შედეგები მოჰყვეს.

სესხი არასდროს არ უნდა აიღოთ – წვეულების მოსაწყობად, მეგობრებთან ერთად ბარში/კლუბში წასასვლელად, გასართობად, საჩუქრების შესაძენად და სხვა მსგავსი მიზეზით.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვიყვარს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად, ძალიან ხშირად სესხს ვიღებთ არაგონივრული მიზეზით, გართობის მიზნით, უმეტესად, მიმართავენ სწრაფ სესხს,  რადგან თანხის მიღება ხდება სწრაფად და მარტივად, სესხის აღების გადაწყვეტილების მიღებიდან თანხის ჩარიცხვამდე პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანები იმპულსურად მოქმედებენ და აღარ ფიქრობენ, შეუძლიათ თუ არა სესხის დაფარვა ვადის მოსვლის დროს.

აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ ვალებში გადავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გართობის მიზნით არაგონივრულად აღებული სესხია.

7. გადასახადების გადახდა

მინიმალური ხელფასის პირობებში რთულია გაუმკლავდე ყოველთვიურ კომუნალურ და სხვა ხარჯებს, საარსებო მინიმუმის ფარგლებში გადასახადებისთვის თანხის გამოყოფა მძიმედ აწვება ფინანსურ მდგომარეობას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც გათბობის გადასახადი ჩვენი მცირე შემოსავლების დიდ ნაწილს მოიცავს.

როგორც უკანასკნელი იმედი, სწრაფი სესხის აღება ასეთ პირობებში საკმაოდ ხშირია და მიზეზი სწორედ კომუნალური ან სხვა გადასახადების დაფარვაა. გადასახადების დაფარვის მიზნით სესხის აღება ნაკლებად რეკომენდირებულია, რადგან დიდი ალბათობით ვალებში გადავარდნის წინაპირობაა, მართლაც, თუ ამ თვეში არ შეგვიძლაით კომუნალური გადასახადების დაფარვა, მომდევნო თვეში როგორღა შევძლებთ? უფრო მეტიც, მომდევნო თვის ხარჯებს სესხიც დაემატება.

8. ჯანმრთელობის დაზღვევა

ჯანმრთელობაში ინვესტირება ძალიან პოპულარულია, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არ მოიცავს ბევრ ისეთ პროცედურას, რომელიც ხშირად გვჭირდება, ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი და გადაუდებელი შემთხვევების დაზღვევა, სტომატოლოგიური მომსახურება და სხვ. ამიტომ, ჯანმრთელობის მიზენით აღებული ჯანმრთელობის სესხი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ჯანმრთელობის დაზღვევა გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ, თუმცა, ჯანმრთელობის დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში, ჯანმრთელობის მიზნით სესხის აღება საკმაოდ მისასალმებელია, ასეთ დროს სესხი გამოიყენება ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა არ მოიცავს.

9. განათლების დაფინანსება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო განათლება უფასოა და უმაღლესი განათლების უფასოდ მიღებაც შეიძლება სახელმწიფო გრანტის მოპოვების ხარჯზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან განათლებაში ინვესტიცია ნაკლებად პოპულარულია.

ზოგჯერ სესხის აღების მიზეზი ისეთი პროფესიული კურსის გავლაა, რომელიც ჩვენი პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ველით, რომ ამ გზით საკუთარ თავში ინვესტირება მომავალში უფრო კონკურენტუნარიანს გაგვხდის.

ჯანდაცვის მსგავსად, განათლებაში ინვესტირება სესხის აღების ერთ-ერთი ყველაზე გონივრული მიზეზია, საკრედიტო კომპანიები სესხის აღების ამ მიზეზს არ უყურებენ ცუდად, უკეთესი განათლების მიღება უკეთესი შემოსავლის წინაპირობაა.

10. ინვესტირება ბიზნესში

ბიზნეს სესხები საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, ამ ტიპის სესხის აღება ხდება ბიზნესის დაწყების, მისი განვითარების ან გაფართოების მიზნით. არსებობს ბიზნესის დაფინანსების სხვა წყაროებიც, თუმცა, იმის გამო, რომ ბიზნესს შეუძლია სწრაფად გამოისყიდოს სესხის თანხა, ბიზნეს სესხი არის დაფინანსების საკმაოდ გავრცელებული სახე.

___

სესხის აღების არაერთი მიზეზი არსებობს, ჩვენ ვისაუბრეთ 10 ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ სესხი არის ვალდებულება და, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით გვჭირდება სესხის აღება, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია და მოსალოდნელი შედეგები. სესხის აღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი გამოსავალია!

გახსოვდეთ: სესხი არ არის ცუდი, მაგრამ უპასუხისმგებლოდ აღებული სესხი ძალიან საშიშია!