‘გირჩი’ უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს ‘შმაქსაობას’ სთავაზობს

წუთზე ნაკლები

‘გირჩის’ წამოწყება ტაქსების რეგულაციების საპასუხოდ

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს.

‘შმაქსი’ ტრადიციული ტაქსისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობაა – კომპანია დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც გირჩის, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

‘გირჩის’ წევრები ამბობენ, რომ კომპანიის ‘შმაქსი’-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე ‘შმაქსისტები’, მგზავრებს სწორედ თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

რა მიზანს ემსახურება ‘გირჩის’ ახალი იდეა?

“გირჩის” შექმნის ერთ-ერთი მიზანი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი არსით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა.

აქამდე, მათი ძირითადი ინსტრუმენტი ფეისბუქი, სოციალური მედია და ინტერნეტი იყო, ახლა კი ამ ახალი და საკმაოდ ინოვაციური წამოწყებით შესაძლებლობა აქვთ, ქართულ საზოგადოებაში საღი აზრი და თავისუფლების იდეები გაავრცელონ; თუმცა, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ისაა, რომ გაემიჯნონ არსებული მთავრობის ტაქსის პოლიტიკას, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და რევოლუციური მიდგომებით შეცვალონ რეალობა.

როგორ დავიწყოთ ‘შმაქსაობა’?

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, შეუძლია მოვიდეს გირჩის სათაო ოფისში, ბესიკის ქუჩაზე, 4 ნომერში და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს.

ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.

კომენტარი (0)

 

კომენტარები

×

გთხოვთ, შეაფასოთ ‘გირჩი’ უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს ‘შმაქსაობას’ სთავაზობს