საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური ოფიცილური გეგმა გამოქვეყნდა

8 წუთი

ბიზნესი

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

  •  ყველა სამინისტროს;
  •  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს – ა(ა)იპ;
  •  მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა);
  • სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;
  • სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს – სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;
  •  ეროვნულ ბანკს;
  •  ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს)

ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე, ანუ მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

  • არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გასაზრდელად თუ უფრო მეტი დაქირავებულის შესანარჩუნებლად.

ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიc, დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

  • ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)

  • არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ ყოველთვიურ ხელფასს.

აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში(იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი.

დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით. საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

ინფორმაციაში მიეთითება:

  •  დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  •  დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);
  •  დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, საწარმოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან ბაზას და უგზავნის სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო).

საკომპენსაციო სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებზეც შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირებულია, რომ მათზე ამავე თვეში გაცემულია ხელფასი.

მაგალითისთვის: შესაძლებელია 15 მაისს დაქირავებულზე კომპანია „ა“-მ წარადგინა ინფორმაცია, რომ აპრილში მასზე არ გაუცია ხელფასი, მაგრამ კომპანია „ბ“-ს წარდგენილ დეკლარაციაში ჩანს, რომ ამავე პირზე გაცა ხელფასი. ამ შემთხვევაში ეს პირი ვერ მოხვდება საკომპენსაციო სიაში.

დამქირავებელს საშუალება აქვს დააზუსტოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი თვის 20 რიცხვამდე, ანუ დეკლარაციის წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური სააგენტოს უგზავნის დაზუსტებულ სიას.

სააგენტო, შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიაში არსებულ პირებზე ახორციელებს საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას შესაბამისი თვის 30 რიცხვამდე.

ზემოაღნიშნული პრინციპების მიხედვით საკომპენსაციო სიების ფორმირება ხორციელდება ყოველთვიურად, საგანგებო მდგომარეობის დასრულების მომდევნო თვის ჩათვლით.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების მომდევნო თვის შემდგომ, კომპენსაციის დანიშვნა ახალ პირებზე არ ხდება, კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირებზე.

იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განისაზღვრება, რომ საწარმოს მიერ არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რის გამოც მოხდა კომპენსაციის გაცემა არამიზნობრივად, აღნიშნული საწარმო დაჯარიმდება არამიზნობრივად გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.
შესაძლო კითხვები:

 დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

  • მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.

 ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?

  • კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.

 ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

  • უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – [email protected], T. 2 299 299.

 თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველკვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:

  • ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
  • ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა და არ იხდიდნენ კუთვნილ გადასახადებს.

1. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულები

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მიღება იქნება უფრო გამარტივებული და მათ არ დაჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.
  • მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან ბაზრობებზე, წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, თონეებში, სილამაზის სალონებში, ავტო-ტექ მომსახურების ობიექტებში დასაქმებული პირები) და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ
    ბიუჯეტიდან;
  • ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ
    2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ
    კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას.

საკომპენსაციო სიაში ზემოჩამოთვლილი კატეგორიებიდან არ შედიან ის ფიზიკური პირები, რომლებზეც 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა ან/და ეს პირები ფიქსირდებიან დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებში (ვინც დაკარგა ხელფასი).

საკომპენსაციო სიას შემოსავლების სამსახური არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა, უგზავნის სააგენტოს.

ამავდროულად, სიაში მყოფი პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge -ზე.

ამ კატეგორიის პირებისთვის არაუგვიანეს 2020 წლის 21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  •  საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  •  საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე.

საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა არ განხორციელდება სხვა პირის საბანკო ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის პირადი ნომერი არ არის საკომპენსაციო პირთა სიაში, სააგენტო ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს. განმცხადებელს საშუალება აქვს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრისგან – [email protected], T. 2 299 299.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში

იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა,ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო
    ტელეფონი);
  •  საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  •  2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ
    შორის:
  •  გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  •  2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  •  მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  •  საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში.

კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთხელ და იღებსგადაწყვეტილებას იმ პირთა შესახებ, რომლებზეც უნდა გაიცეს კომპენსაცია.

კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა არ განხორციელდება სხვა პირის საბანკო ანგარიშზე.

იმ პირებს, რომელთა განცხადებებიც არ დაკმაყოფილდება, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას
კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა
დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს? რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

ზემოაღნიშნული 3 კატეგორიის კომპენსაციიდან/შეღავათიდან პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი შეღავათით.
გთხოვთ, დასაქმებულებზე და თვითდასაქმებულებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს – [email protected], T. 2 299 299.

კომენტარი (2)

Tornike Goguadze on აპრილი 29, 2020

ძალიან საინტერესოა მადლობთ !

ალექსანდრე on აპრილი 30, 2020

ქორეგრაფებს რომლებსაც იჯარით ქონდათ სკოლებში ფართი აღებული და სკოლას ყოველთვიურ გადასახადს უხდიდნენ ხელშეკრულებით. მათ რა ეშველებათ ლუკმა პურისა და შემოსავლის გარეშე რომ დარჩნენ სექტემბრამდე.

 

კომენტარები

×

გთხოვთ, შეაფასოთ საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური ოფიცილური გეგმა გამოქვეყნდა