• მთავარი
  • ზოგადი
  • როგორ ამოვიცნოთ ცუდი ფინანსური ჩვევები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

როგორ ამოვიცნოთ ცუდი ფინანსური ჩვევები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ყველას გვაქვს ისეთი მავნე ფინანსური ჩვევები, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს, თუმცა ამას ვერც კი ვიაზრებთ: ვხარჯავთ იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ვგეგმავდით, ვყიდულობთ იმპულსურად და სახლში აღმოვაჩენთ რამდენი ზედმეტი რამ ‘გამოგვიყოლებია ხელს’, ამ ქმედებებით უარყოფით გავლენას ვახდენთ ჩვენს ყოველთვიურ ბიუჯეტზე.

თუ გსურთ საბოლოოდ ფულის დაზოგვა და დანაზოგით ოცნების ასრულება – იქნება ეს ახალი ავტომობილი თუ საოცნებო ქვეყანაში მოგზაურობა, მაშინ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ მავნე ჩვევებს და დღესვე დაიწყოთ მათი კონტროლი:

#1 როდესაც რაიმეს ყიდულობთ, ადარებთ თუ არა ფასებს?

ეს, ალბათ, დღესდღეობით გავრცელებული ყველაზე ცუდი ფინანსური ჩვევაა. ვიცით, რომ ყოველ ჯერზე სუპერმარკეტში შესვლისას უნდა შევადაროთ მსგავსი პროდუქტების ფასები ერთმანეთს, მიუხედავად ამისა მაინც გვავიწყდება ფასების შედარება, ან ვფიქრობთ, რომ ეს დიდ დროს დაგვაკარგვინებს – ჩვენ კი ამდენი დრო არ გვაქვს.

რეალურად, ეს სულაც არ მოითხოვს საათების დახარჯვას, უმეტესწილად, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წამი, მაქსიმუმ რამდენიმე წუთი სუპერმარკეტში ახალი ბრენდის ან ახალი სახეობის პროდუქტის ფასების სანახავად და შესადარებლად.

ფიქრობთ, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა? დაფიქრდით, და გაიხსენეთ ჩვეულებრივ რას ყიდულობთ სუპერმარკეტებში? იქნება ეს თქვენი საყვარელი ყავა, იოგურტი, საყოფაცხოვრებო პროდუქტები და ა.შ. ბოლოს როდის სცადეთ ახალი ბრენდის ან სახეობის გასინჯვა?

სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება ფასების შედარება და მეტი კომფორტისთვის, თითქმის ყოველთვის ვყიდულობთ ერთსა და იმავე პროდუქტს – ანუ იმას, რომელიც უკვე მრავალჯერ გვაქვს გასინჯული, ნაცადი და აღარ ვუყურებთ მის გვერდით დადებულ სხვა ბრენდის პროდუქციას, თუმცა, თუ შევადარებთ ფასებს და ერთხელ მაინც ვცდით იმავე სახეობის ახალი ბრენდის შედარებით იაფ პროდუქტს, შესაძლებელია დავზოგოთ საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა: კვირაში რამდენიმე ათეული ლარიდან რამდენიმე ასეულ ლარამდეც კი.

რაც შეეხება შედარებით ძვირადღირებული შესყიდვის განხორციელებას – მაგ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი ან ელექტრო მოწყობილობები, შეძენამდე სხვადასხვა ბრენდის ფასების შედარება და ოპტიმალური ვარიანტის ამორჩევა აუცილებელია გონივრული გადაყვეტილების მისაღებად – ამ გზით მარტივად აირიდებთ დამატებით ხარჯებს თავიდან და დაზოგავთ სოლიდურ თანხას!

ცხადია, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ერთსა და იმავე მაღაზიაში არსებული სხვადასხვა ტექნიკის ფასების შედარებას, აუცილებელია ინტერნეტის საშუალებით მოიძიოთ ინფორმაცია და ჩაატაროთ ბაზრის მცირე კვლევა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის მოსაძებნად.

შედეგად, გექნებათ ბაზარზე არსებული პროდუქტების გაცილებით უფრო მეტი ჩამონათვალი, სასურველი ბრენდისა და ფასის ამორჩევის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ ეწვიოთ მაღაზიას და დაზოგოთ მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა!

#2 ყოველთვის ყიდულობთ მხოლოდ ახალს

ბევრის ჩვევაა, რომ ნებისმიერი ნივთი/პროდუქტი უნდა შეიძინოს ახალი, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მეორადი ნივთის შეძენა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დიდი მოცულობით თანხა, უკვე გამოყენებული (ანუ მეორადი) პროდუქტის შეძენა, ყოველთვის არ ნიშნავს ძველი ან ნაკლებად სანდოს ყიდვას.

უბრალოდ, საჭიროა, მოძებნოთ სანდო წყაროები და ადგილები, სადაც შეიძენთ მაღალი ხარისხის, მეორად პროდუქციას დაბალი ფასით.

პროდუქტები/ტექნიკა, რომელთა შესყიდვაც ღირს მეორად ბაზარზე არის – ავტომობილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები, წიგნები, ტყავის ნაწარმი, ავეჯი, მოტოციკლეტები, ვიდეო თამაშები და ტანსაცმელიც კი.

#3 ფიქრობთ, რომ მაღალი ფასი მაღალი ხარისხის გარანტია?

ჩვენ გარშემო ხშირად ისმის, რომ თუ გინდა კარგი ხარისხი, ფასიც მაღალი უნდა გადაიხადო, ეს ფრაზა ჩვევად იქცა და მივყვებით ბრმად იმის გაუაზრებლად, თუ რამდენად ჭეშმარიტი და სარწმუნოა.

ერთი პროდუქტის სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით სიძვირე, არ არის აუცილებლად იმის გარანტი, რომ მისი ხარისხი უფრო მაღალია.

ხშირად დამატებით თანხას ვიხდით მხოლოდ ბრენდში, სახელსა და პრესტიჟში, მაშინ, როცა ფუნქცია და ხარისხი არაფრით განსხვავდება მსგავსი, თუმცა იაფი, პროდუქტისგან.

ასე რომ, იმის ფიქრი, რომ პროდუქტის მაღალი ფასი ხარისხის გარანტია, არ არის მაინცდამაინც სწორი შეხედულება, მთელ რიგ შემთხვევებში ეს მიდგომა მცდარია, მაგალითად, ავტომობილის შეძენისას.

რაც შეეხება ფუფუნების საგნებს, ამ კატეგორიის შენაძენებს არ ეხება ეს მსჯელობა, რადგან მათთვის, ვინც იხდის დიდ თანხას ბრენდულ პროდუქციაში, პრესტიჟი და ბრენდის სახელი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხი, ამიტომ ისინი მზად არიან გადაიხადონ „პრესტიჟის“ დამატებითი თანხა.

#4 ფიქრობთ, რომ ფასდაკლებაზე არც ისე დიდ თანხას დაზოგავთ

კიდევ ერთი ცუდი ჩვევა არის ფასდაკლებების უგულებელყოფა, ხშირად  ვფიქრობთ, რომ არ ღირს ფასდაკლებების თვალიერებაზე დროის დახარჯვა, რადგან ფასდაკლებული თანხა იმდენად მცირე და უმნიშვნელოა, რომ არ ღირს დროის დაკარგვა.

დიდია თუ მცირე, ფასდაკლება იძლევა თანხის დაზოგვის შესაძლებლობას, რაც არის ძალიან კარგი გზა ბიუჯეტში ხარჯების შესამცირებლად და ფულის ‘გამოსათავისუფლებლად’, დაზოგილი თანხით კი შეძლებთ ოცნენების ასრულებას – საოცნებო ტურის დაგეგმვასა და დანაზოგით სამოგზაურო ბილეთების შეძენას.

_____

არსებობს ბევრი არასწორი ფინანსური ჩვევა, რომლებსაც “მემკვიდრეობას” ვიღებთ: ჩვენი ოჯახიდან, ჩვენი გარშემომყოფებისგან, ჩვენი თანამშრომლებისგან, ჩვენი მეგობრებისგან და ა.შ. დაუთმეთ დრო თქვენი საქციელის გაანალიზებას და აუცილებლად აღმოაჩენთ ცუდ ფინანსურ ჩვევებს, რომლებიც ამძიმებს თქვენს ბიუჯეტს.