8 რჩევა მცირე ბიუჯეტით სამოგზაუროდ!

Less than a minute

ოდესმე გიოცნებიათ მოგეწყოთ ისეთი მოგზაურობა, როგორიც ინსტაგრამის ‘ვარსკვლავების’ ფოტოებშია? ან მოგისმენიათ თქვენი მეგობრების საუბარი მათი მოგზაურობის თავგადასავლებზე?

დასვენება ყველას გვჭირდება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მთელი წლის განმავლობაში დატვირთულ რეჟიმს, თუმცა ხშირად დასვენებასა და მოგზაურობაზე უარის თქმა გვიწევს ერთი მიზეზის გამო: ესაა ფული!

იმისთვის რომ იმოგზაუროთ, არ არის საჭირო, იყოთ მდიდარი და გქონდეთ ბევრი ფული, ალბათ ფიქრობთ, მოგზაურობა, ამ ეტაპზე, აკრძალული ბედნიერებასავითაა, რადგან არ გაქვთ მაღლანაზღაურებადი სამუშაო და მოგზაურობის შემდეგ აღარაფერი დაგრჩებათ, ან ხართ სტუდენტი და ცხოვრობთ მშობლებთან ერთად, ან სულაც გყავთ ბავშვები, გაქვთ ვალები და ა.შ. რა უნდა ვქნათ ამ დროს?

ამ სტატიაში არ გვინდა ვისაუბროთ, თუ როგორ დაფაროთ ვალები, ან უნდა დაიწყოთ თანხის დაგროვება, ამ თემებზე, დაწვრილებით შეგიძლიათ, წაიკითხოთ ჩვენი რჩევები:

ამ პოსტში, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ მცირე ბიუჯეტით, დიახ, ყველაზე ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი გზებით! იმედი გვაქვს, ამ სტატიის შემდეგ გექნებათ იდეები და მოტივაცია, რათა დღესვე დაიწყოთ სამოგზაურო გეგმების დასახვა!

1. ადგილობრივ მოსახლეობასთან დარჩენა

ეს შეიძლება ცოტა უცნაურად და მოულოდნელად ჟღერდეს, თუმცა საცხოვრებლად სასტუმროს ან ჰოსთელის ქირაობის ნაცვლად, დარჩით ადგილობრივი მოსახლეობის ბინაში/სახლში სრულიად უფასოდ!

ეს არ არის ხუმრობა – არსებობს საიტები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად ამ მიზნით, ისინი გვეხმარებიან ვიპოვოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც სურს მიიღოს ტურისტი საკუთარ სახლში და გაუმასპინძლდეს რამდენიმე ღამით. ერთ-ერთი, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი პლატფორმაა, მაგალითად, Couchsurfing .

ამ თანამედროვე მეთოდს უკვე მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებენ და ფულის დაზოგვის გარდა, საშუალებას გვაძლევს უკეთ გავეცნოთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას, შევიძინოთ მეგობრები და დავაგროვოთ თავგადასავლები – მოგზაურობის დროს რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?!

2. დარჩით ადგილობრივებთან და მიირთვით მათთან ერთად

ზემოთ აღნიშნული საიტის გარდა, არსებობს ათობით სხვადასხვა ტიპის ვებ-გვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ საცხოვრებელი თუ ლანჩი ხელმისაწვდომ ფასად იმ ქვეყანაში, რომელშიც გვსურს მოგზაურობა, ეს ძირითადად ხდება ადგილობრივებთან ერთად სახლის გაყოფით ან მათ ოჯახში დამზადებული კერძების დაგემოვნებით.

ასეთმა აპლიკაციებმა და საიტებმა სრულიად შეცვალა ტურიზმის სამყარო და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს საშუალება აქვს, იპოვოს საცხოვრებელი, ტრანსპორტი და საკვები მარტივად და მცირე დროში!

ამისთვის არსებობს საიტები –  Airbnb და EatWith. Airbnb საშუალებას აძლევს სახლის მფლობელს, რომ საკუთარი სახლი ან სახლის ცარიელი ოთახი გაქირავდეს მოკლე დროში, ხოლო ტურისტს – მარტივად იპოვოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი უცხო ქვეყანაში დასარჩენად; რაც შეეხება, EatWith – ს, პლატფორმა განკუთვნილია ადგილობრივი კერძების დაგემოვნებით დაინტერესებული ტურისტებისთვის, რომელსაც საშუალება ეძლება ხელმისაწვდომ ფასად ადგილობრივ ოჯახთან ერთად მიირთვას მათ მიერ საკუთარი ხელით დამზადებული კერძები.

გაბედეთ და ერთხელ მაინც სცადეთ, მიიღოთ ადგილობრივ ადამიანებთან ერთად ცხოვრებისა და ვახშმობის გამოცდილება, დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ჯერზე კვლავ გამოიყენებთ ამ პლატფორმებს!

3. ავტოსტოპი

ავტოსტოპი არის ერთ-ერთი რისკიანი, თუმცა თავგადასახლებით სავსე გადაადგილების ხერხი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მართალია, ავტოსტოპი სარისკოდ ითვლება და არ არის ძალიან უსაფრთხო, თუმცა მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები და ცოტა ადრენალინიც, ავტოსტოპი უფასოდ ტრანსპორტირების საუკეთესო ხერხია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თუ გჯერათ ხალხის გულკეთილობის და გიყვართ მრავალფეროვანი მოგზაურობა, მაშინ შეგიძლიათ თამამად დადგეთ გზაზე ავტოსტოპისთვის, უბრალოდ, საჭიროა, გამოიჩინოთ სიფრთხილე და იყოთ ყურადღებით.

გარდა ამისა, არსებობს საიტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ ისეთი მოგზაურები, რომლებსაც ჩვენნაირი მოგზაურობის მარშრუტი აქვს და ერთად გადავიხადოთ ბინის ქირა ან გავიყოთ ტრანსპორტის ღირებულება, ეს შეიძლება მოიცავდეს ერთი და იმავე მიმართულებით მოგზაურობისას სხვა პირებთან ერთად ტაქსის დაქირავებას, ან სხვა ტურისტებთან ერთად ბინის გაყოფას, ასევე, ადგილობრივი სამზარეულოს სხვა ტურისტებთან ერთად დაგემოვნებას და ა.შ.

4. სახლის გაცვლა

გიფიქრიათ თუ არა შემდეგ სცენარზე: იმოგზაურეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დარჩით ადგილობრივების სახლში უფასოდ, ერთი კვირის განმავლობაში და იცხოვრეთ ისე, თითქოს თქვენც ერთ-ერთი ადგილობრივი იყოთ. ეს სცენარი მხოლოდ ფილმებში არ გინახავთ, რეალურ სამყაროშიცაა შესაძლებელი!

სახლების გაცვლის კონცეფცია ძალიან მარტივია, პლატფორმებიდან, მაგ. როგორიცაა Home Exchange ან Trusted Housesitters  , შეგიძლიათ იპოვოთ ხალხი, რომლებსაც უნდათ დღესასწაულზე დასასვენებლად სადმე წასვლა ან სულაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, და არ სურთ თავიანთი სახლის მარტო დატოვება, სწორედ ასეთ სიტუაციაში, შეგიძლიათ იცხოვროთ სხვის სახლში, მანამ, სანამ ისინი შვებულებაში არიან და არ გადაიხადოთ ფული საცხოვრებელში.

ამავდროულად, ასეთი პორტალები სრულიად უსაფრთხოა, რადგან ყველა ექაუნთი ავტორიზებული და დადასტურებულია და შესაბამისად, ძალიან მცირეა რაიმე სახის თაღლითობის რისკი.

5. საკუთარი კვება

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოგზაურობა ასეთი ძვირი გვეჩვენება, არის გარეთ კვება. შესაძლოა ფიქრობთ, რომ დასვენების დროს გარეთ – რესტორნებსა და კაფეებში ჭამა გონივრულია, რადგან დასვენების მიზნით მოგზაურობთ და არ გინდათ იყოთ ყოველდღიური საზრუნავითა და საჭმლის კეთებით დაკავებული.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობისას ფულის დაზოგვის საუკეთესო გზაა საჭმლის თავად მომზადება, გარეთ კვების ღირებულება მინიმუმ 10-20 ევროა თითო კაცზე, იმ თანხით კი შესაძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში იკვებოთ საჭმლის სახლში გაკეთების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ხართ სტუმარი, Airbnb- ზე განთავსებულ ბინებს ან სასტუმროებს, თითქმის ყველას აქვს სამზარეულო.

მაშინაც კი, თუ არ შეგიძლიათ ისარგებლოთ სამზარეულოთი, დაამზადეთ სენდვიჩები ან სალათები თან წასაღებად; ნუ გადაიხდით ბევრს საკვებში მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოგზაურობთ!

6. იმოგზაურეთ მაშინ, როდესაც სხვები არ მოგზაურობენ

ტურისტული სეზონი, მაისიდან აგვისტომდე, ყველაზე ძვირადღირებული პერიოდია სამოგზაუროდ! დიახ, თითქმის მთელი მსოფლიო ამ პერიოდში იღებს შვებულებას, ამ პერიოდში მთავრდება სწავლა სტუდენტებისთვისაც და იწყებენ დასასვენებლად მოგზაურობის დაგეგმვას.

აქედან გამომდინარე,  ტურისტულ სეზონზე, ცხადია, ძვირდება ავიაბილეთებიც და საცხოვრებელი ბინებიც, შედარებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისთვის გირჩევთ, ზაფხულში მოგზაურობის ნაცვლად, იმოგზაურეთ ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში, როცა უკვე ტურისტული სეზონი დამთავრებულია და გაიაფებულია როგორც ტრანსპორტი, ასევე სასტუმროები.

7. სხვა აეროპორტიდან ფრენა

ეს რჩევა შეიძლება არ იყოს ყოველთვის საუკეთესო დახმარება, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა უფრი იაფია, ვიდრე თბილისიდან. ასეთ სიტუაციაში, შესაძლებელია რამდენიმე ასეული ლარის დაზოგვაც კი!

ამიტომ, სანამ დაჯავშნით ფრენას, მოძებნეთ ყველა სახის კომბინაცია, რათა იპოვოთ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი რეისები.

8. დარჩით ქალაქის ცენტრისგან მოშორებით

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ტურისტულად აქტიურ ადგილებში (რომელიც ძირითადად ქალაქის ცენტრია), სუპერმარკეტებისა და სუვენირების მაღაზიების ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ცენტრიდან შედარებით მოშორებულ ადგილებში.

ტურისტულად აქტიურ ადგილებში ცხოვრება არ არის მომგებიანი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისთვის, თუ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას აპირებთ, აირჩიეთ ცენტრალური ქუჩებიდან დაშორებული ადილები.

იმისთვის, რომ კარგად გაერკვეთ, ამა თუ იმ ქვეყანაში/ქალაქში როგორ იკვებოთ ხელმისაწვდომ ფასად ან სად უნდა იქირაოთ ბინა დაბალი ბიუჯეტით, გამოიყენეთ პლატფორმა Tripadvisor და გაეცანით მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ტურისტის რჩევებს.