mshenebloba

სამშენებლო ბიზნესის რიცხვებში

  • ივნისი 7, 2020
  • 1 წუთის საკითხავი
  • 133 წაკითხულია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორის მიერ შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ 3,272,800,000 ლარი შეადგინა. ამ სექტორში გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ნაცვლად 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა, რასაც მთავრობა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის დასრულებით განმარტავს, როგორიცაა შაჰ-დენიზის მილსადენის კონსტრუირების ფაზის დამთავრება.

მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის სიდიდით მეოთხე სექტორია, მის წინ მხოლოდ ვაჭრობა, მრეწველობა და ტრანსპორტი დგანან. მთლიანობაში ეს სფერო მშპ-ის 9.3%-ს აგენერირებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 72,000-ს აღემატება.

სამშენებლო ბაზარი ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: მათგან პირველი სამშენებლო კონტრაქტორები, მეორე კი დეველოპერული კომპანიებია. დეველოპერების უდიდესი ნაწილი თავად კონსტრუირებაში ჩართული არაა და ამისთვის ისინი სამშენებლო კომპანიებს ქირაობენ.

დეველოპერებისა და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მათი ჯამური აქტივები 3.3 მილიარდ ლარს აჭარბებს.

მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. 2017 წლის მონაცემებით მასზე ეკონომიკის 9.3% მოდიოდა, თუმცა 2018 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში კლება დაფიქსირდა და წილი 8.6%-მდე შემცირდა. 2014-2017 წლებში მშენებლობის სექტორის ზრდა საშუალო წლიური ზრდა 12% იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მშენებლობა მხოლოდ ტრანსპორტის და საფინანსო საქმიანობის სექტორებს ჩამორჩება.

2017 წელს მშენებლობაში 295 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის სექტორში 71 600 ადამიანია დაქირავებით დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 9.6%-ია. სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 461 ლარია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ საფინანსო სექტორს ჩამორჩება. სექტორის სწრაფი ზრდა ხელფასების სწრაფ ზრდას იწვევს.

2010 წლის შემდეგ სექტორში საშუალო ხელფასი გაორმაგებულია და 46%-ით აღემატება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს. ერთ მხრივ მშენებლობის სექტორის ზრდის სწრაფი ტემპი ზრდის საქართველოს ეკონომიკას და ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული პრობლემები.

პრობლემების საფუძველი არის მშენებლობების დაახლოებით 80%-ის თბილისში და ბათუმში კონცენტრირება, დღეისათვის არსებული არასათანადო საკანონმდებლო ბაზა და სამშენებლო ნებართვების გაცემის პრაქტიკა. საქართველოში მშენებლობის სექტორს 4 კანონი, პრეზიდენტის ერთი ბრძანებულება და მთავრობის 6 დადგენილება არეგულირებს.

2018 წლის ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით შემუშავებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომლის სრულად ამოქმედების პარალელურად უკვე არსებული მარეგულირებელი დოკუმენტები ძალას დაკარგავენ. კოდექსი ძირითადად ზოგადი ხასიათისაა და რეგულირების სფეროებს განსაზღვრავს, მის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობამ 14 დადგენილება უნდა მიიღოს.

კოდექსი სრულად 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მუნიციპალიტეტებს დაგეგმარების შემუშავებისთვის დრო 2028 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ.

ავტორი მამუკა გოგუაძე

ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ რაც შეიძლეა მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვა.

გააზიარეთ
133 წაკითხულია
ბოლოს განახლებული ივნისი 7, 2020

კომენტარი

საინტერესო თემები